ახალი ამბები

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რეცეპტების სისტემაზე გადასვლით კმაყოფილნი არიან

14 აგვისტო, 2014 • • 1272
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რეცეპტების სისტემაზე გადასვლით კმაყოფილნი არიან

“ჩემი აზრით, დროული, ცივილური ნაბიჯია, განსაკუთრებით მეანობის კუთხით, ცხადია, რომ ორსულობა არ არის დაავადება, მას არ ჭირდება მკურნალობა, ძალიან ხშირად მინახავს, რომ 20 და მეტი მედიკამენტი აქვს დანიშნული ორსულს, ეს არის აბსოლუტურად  მიუღებელი და პირდაპირი ჩარევა ორსულობის დროს. ჩემი აზრით, რეცეპტის სისტემა მტკიცებულებაზე  და სარწმუნო მედიცინაზე გადასვლის სარწმუნო ნაბიჯია. აბსოლუტურად მივესალმებით ამ ინიციატივას”,- განაცხადა მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ.

 

ზაზა სინაურიძის დამოკიდებულება გაიზიარა ყველა იმ ექიმმა, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ, მაგალითად, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ფრიდონ თოდუამ აღნიშნა, რომ ეს გზა ევროპისკენ მიმავალი გზაა. ძირითადად, ექიმები იმ საფრთხეებზე საუბრობდნენ, რომელიც თვითმკურნალობის შედეგად დგება, განსაკუთრებით კი მოქალაქეების ანტიბიოტიკებისადმი ზერელე დამოკიდებულებას გაუსვეს ხაზი. მაგალითად, ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, როცა ანტიბიოტიკის გამოყენება საჭირო ხდება, ადამიანები კი უკვე ნამკურნალევი არიან მე-3, მე-4 თაობის ანტიბიოტიკებით და მათ მიმართ რეზისტენტობა აქვთ გამომუშავებული, რაც ექიმებს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს. 

 

“პოსტოპერაციული სეფსისის განვითარების რისკს ახუთმაგებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, თუნდაც ეს იყოს მოკლე, მარტივი კურსი”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ

 

მისივე თქმით, ის შეშფოთება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებიდან მოდის, უსაფუძვლოა. სერგეენკოს განცხადებით, ფასების მომატება მედიკამენტებზე არ მოხდება, მის ამ მოსაზრებას დაეთანხმნენ ადგილზე მყოფი ფარმაცევტული კომპანიების წარმოამდგენლებიც, მაგალითად – “პსპ”.  დავით სერგეენკოს თქმითვე, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში გაჩენილი ხელმისაწვდომობა არც ერთ პაციენტს ექიმის გარეშე არ დატოვებს, რადგან პირველადი ჯანდაცვა ამ პროგრამის ფარგლებში უფასოა და არგუმენტი, “იქნებ ექიმის ფული არ მაქვს” არარელევანტურია. 

 

ექიმების დამოკიდებულებას მეტწილად იზიარებენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, სააფთიაქო ქსელის “GPC”-ის  გენერალური დირექტორის, დავით კილაძის განცხადებით, რეცეპტის ინსტიტუტი, ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ექიმის და ფარმაცევტის პასუხისმგებლობის განაწილებაა. 

 

“ჩვენც უნდა შემოვიღოთ ჩვენი ცხოვრების წესად ის, რომ პაციენტი მიდიოდეს ექიმთან, რათა ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა”,- ამბობს კილაძე. 

 

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში
შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

 

მისივე თქმით, სარეცეპტო სისტემაზე გადასვლისას შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ხარვეზები გამოჩნდეს, რომელთა დაკონკრეტება ახლა არ შეუძლია. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად მან ჯანდაცვის მინისტრს ოთხსაფეხურიანი გეგმა შეთავაზა, რაზეც სერგეენკოსგან თანხმობა მიიღო:

 

“პირველი, ეს გახლავთ მონიტორინგის ეტაპი, როდესაც უნდა მოხდეს დაფიქსირება ყველა იმ გაუთვალისწინებელი ხარვეზის, რომელიც შეიძლება გამოიხატოს. მეორე ეტაპია ერთობლივი განხილვა ამ პრობლემების ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად.  შემდგომ ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება  და ადეკვატური რეაგირება ცდომილებაზე და სწორედ ამის შემდგომ უნდა დაიწყოს ადმინისტრირების პროცესი”,- ამბობს კილაძე.

 

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტის, ირინა ჭელიძის აზრით კი, ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც ახალ სისტემზე გადასვლას შეიძლება უკავშირდებოდეს, მოქალაქეთა არასათანადო ინფორმირებაა, რამაც შესაძლოა აფთიაქებში რიგები გამოიწვიოს:

 

“იმ პრეპარატებზე, რომლებიც აქამდე ურეცეპტოდ იყიდებოდა, შესაძლებელია პაციენტს დაჭირდეს ახსნა-განმარტება,  რომ თქვენ უნდა წაბრძანდეთ, ექიმთან მიიღოთ რეცეპტი და მერე მობრძანდეთ. შევხედავთ და ვნახავთ, პირველ სექტემბერს რა იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ, ფარმაცევტული სექტორი ვემზადებით ამისთვის და ვცდილობთ, რომ ყველანაირად გავაათმაგოთ მუშაობა, რომ პაციენტებს არ შევუქმნათ პრობლემა”,- ამბობს ის. 

 

მოქალაქეების ინფორმირება ნამდვილად იყო ის საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრმა არაერთგზის გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებით ინტენსიური უნდა იყოს მუშაობა დარჩენილი ორი კვირის მანძილზე და მადლობა გადაუხადა იმ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ მათ მომხმარებლებს მოსალოდნელი ცვლილების შესახებ:

 

“უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო პარტნიორული გაფრთხილება, რომ პირველ სექტემბერს პრეპარატების მეორე ჯგუფის გაცემა დაიწყება რეცეპტებით, თუმცა, სამწუხაროდ, და მე ვფიქრობ, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევებია, რაზეც შესაბამისი კომპანიების ხელმძღვანელები იზრუნებენ, იყო მოწოდებები მოკლე ტექსტური შეტყობინებების შინაარსში, მოუწოდებდნენ მოსახლეოაბს, რომ მედიკამენტების მარაგები გაეკეთებინათ. რაც ყველას გვესმის, რომ არათუ ამის საჭიროება არ არის, ასევე გარკვეული არცთუ ისე მოსაწონი, მოვერიდებოდი სხვა შემთხვევაში, მაგრამ ახლა მაინც გამოვიყენებ ამ ტერმინს, მავნებლური დამოკიდებულებაა ჩვენი მოქალაქეების ნერვებზე და მათ სიმშვიდეზე”,- განაცხადა სერგეენკომ.

 

მართალია მინისტრს კომპანია არ დაუკონკრეტებია, თუმცა “პსპ”- სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანიის  მიერ გაგზავნილ სმს-ებზე განმარტებები გააკეთა:

 

“მესიჯში არ არის იმის მოწოდება, რომ მედიკამენტი მოიმარაგონ, არამედ გაითვალისწინონ ის, რომ მათ პირველი სექტემბრიდან აუცილებლად სჭირდებათ ვიზიტი ექიმთან”, – განაცხადა პსპ-ს სააფთიაქო ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ვაჟა ოქრიაშვილმა. თუმცა “პსპ”-ს მიერ გაგზავნილ შეტყობინებებში, მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის გარდა, საუბარია “პსპ”-ს ფასდაკლებით სარგებლობაზეც. 

 

“საქართველოს კანონმდებლობით პირველი სექტემბრიდან იკრძალება წამლის რეცეპტის გარეშე გაცემა. დაიჭირეთ თადარიგი! ისარგებლეთ “პსპ”-ს ფასდაკლების დღეებით”,- ვკითხულობთ სმს-ში. 

 

შეკითხვას, შეიცვლება თუ არა მესიჯის შინაარსი დღევანდელი სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ვაჟა ოქრიაშვილმა ასე უპასუხა:

 

“ჩვენ მოვახდენთ მოსახლეობის სრულ ინფორმირებას, რომ პირველ სექტემბერს ადამიანი არ დადგეს აფთიაქში იმ ფაქტის წინაშე, რომ იგი წამალს ვერ შეიძენს. ჩვენ გავაგრძელებთ მოსახლეობის ინფორმირებას, რადგან არაინფორმირებულბა ყველაზე დიდი საფრთხეა ამ პროექტში”.   

 

იმ მედიკამენტების სია, რომელიც რეცეპტით და ურეცეპტოდ გაიცემა შესაძლებელია იხილოთ მოცემულ ბმულებზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი