ახალი ამბები

სწორი ნაწლავის კიბოს პრეპარატის ტესტირებისას ყველა პაციენტი განიკურნა – პირველადი შედეგები

7 ივნისი, 2022 • 2170
სწორი ნაწლავის კიბოს პრეპარატის ტესტირებისას ყველა პაციენტი განიკურნა – პირველადი შედეგები

სწორი ნაწლავის კიბოს პრეპარატის კლინიკურ ცდაში ჩართული ყველა პაციენტი სიმსივნისგან განიკურნა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პირველადი მონაცემებით, მცირე ზომის კვლევით ჯგუფში, რომელშიც სწორი ნაწლავის სიმსივნის ადრეული სტადიის მქონე 12 პაციენტი იყო ჩართული, ყველა მათგანს სრული რემისია აქვს.

აღნიშნული კვლევა ნიუ იორკში, სლოან კეტერინგის სახელობის კლინიკაში მიმდინარეობდა. კვლევის შედეგები კი სამეცნიერო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევის მონაწილეები პრეპარატ დოსტარლიმაბს იღებდნენ, არ გაუვლიათ ქიმიო და სხივური თერაპია და არც ქირურგიული ოპერაცია ჰქონიათ ჩატარებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კვლევის მონაწილე ყველა პაციენტს სწორი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა, რომელიც სხვა ორგანოებზე გავრცელებული არ იყო. პრეპარატით ჩატარებული მკურნალობის კურსის შემდეგ კი კვლევაში მონაწილე თორმეტივე პაციენტმა სრულ რემისიას მიაღწია და სიმსივნური უჯრედები მათ ორგანიზმში აღარ ფიქსირდება.

კლინიკური ტესტირების მეორე ფაზის განმავლობაში პაციენტები დოსტარლიმაბს ექვსი თვის განმავლობაში ყოველ მესამე კვირაში იღებდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ კიბოს უჯრედები კვლავ იარსებებდა, პაციენტები ქიმიოთერაპიის კურსს გაივლიდნენ, რასაც ქირურგიული ჩარევა მოჰყვებოდა, თუმცა აღნიშნული საჭირო არ გახდა, რადგან ექვსი თვის თავზე თორმეტივე პაციენტი გამოჯანმრთელდა. მეცნიერები კვლევის მონაწილეებს კიდევ 6 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა სიმსივნური უჯრედები არცერთ მათგანს აღარ გასჩენია.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, გამოცემა აღნიშნავს, რომ პაციენტებს მკვეთრად გამოხატული გვერდითი ეფექტები არ აღენიშნებოდათ. რამდენიმე პაციენტში დაფიქსირდა მსუბუქი ან საშუალო გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ქავილი, თავბრუსხვევა და გამონაყარი.

შემდეგ ეტაპზე, მეცნიერები გეგმავენ, 30 პაციენტამდე გაზარდონ საკვლევი ჯგუფი.

მასალების გადაბეჭდვის წესი