ახალი ამბები

კავკასიური ცარცის წრე გათამაშდა – უგულავა ხაზარაძის წასვლაზე

21 თებერვალი, 2019 •
კავკასიური ცარცის წრე გათამაშდა – უგულავა ხაზარაძის წასვლაზე

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა მამუკა ხაზარაძის მიერ თიბისი ბანკის დატოვებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ბანკის ყოფილმა სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სხვა არჩევანი არც ჰქონდა.

“ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. კავკასიური ცარცის წრის სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ – ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობო და ხელი გაუშვა. ალბათ ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი დამოკლეს მახვილივით ეკიდება სადმე კუთხეში,” – აცხადებს გიგი უგულავა.

თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით დაზარალდა ქვეყნის იმიჯი, გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა.

აქედან გამომდინარე, როგორც გიგი უგულავა აცხადებს, საჭიროა კონსოლიდაცია, ბრძოლა და ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ყოველი დღე ძვირფასია.

მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო და ამის შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა. ხაზარაძე წერს:

“აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.”

ხაზარაძის შემდეგ თიბისი ბანკის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმდომარის მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემაც.

ვრცლად:

ბადრი ჯაფარიძე: არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი

თიბისი ბანკს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი