ახალი ამბები

ხაზარაძის გადაყენება შეიძლება სამართლებრივ პროცედურებს არღვევდეს — AmCham

20 თებერვალი, 2019 • 1345
ხაზარაძის გადაყენება შეიძლება სამართლებრივ პროცედურებს არღვევდეს — AmCham

საქართველოში ამერიკული სავაჭრო პალატის (AmCham Georgia-ს) პრეზიდენტი თიბისი ბანკის საქმეზე აცხადებს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, ეროვნულმა ბანკმა “თიბისის” ხელმძღვანელი პირების გადაყენება სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით  მოითხოვა.

სავაჭრო პალატის შეფასებით, ისე ჩანს, რომ ეროვნულმა ბანკმა “თიბისის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარისა და მისი მოადგილის, ანუ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენების მოთხოვნით საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და ეს სათანადო სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით მოითხოვა.

მაიკლ ქოუგილი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, განცხადებაში წერს, რომ AmCham პატივს სცემს ბანკის გადაწყვეტილებას, გაასაჩივრონ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება; იქვე წერს, რომ აღიარებს ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის, როლს, და ესმის, რომ მთავარ პროკურატურასთან ერთად პოტენციური გადაცდომების გამოძიების ვალდებულება აქვთ.

ამ თვალსაზრისით AmCham მიესალმება “თიბისის” შეთავაზებას, გამჭვირვალედ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და შეიქმნას სპეციალური სამთავრობო ან საპარლამენტო კომისია, რათა გამოძიების პროცესი დაჩქარდეს.

“რაც ყველაზე მთავარია, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, იმუშაონ პრობლემის დროულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ გადასაწყვეტად. სხვა შემთხვევაში, მიმდინარე დავა ქართული ეკონომიკისთვის, რეპუტაციისთვის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებით დასრულდება”, – წერია განცხადებაში.

მაიკლ ქოუგილი ასევე წერს: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში ამერიკული სავაჭრო პალატა (AmCham) თავს შეიკავებდა მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან, განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ამ განცხადების გაკეთება გამართლებულია”.

ქოუგილმა TBC ბანკს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, უწოდა “საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი”.

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ სამართლებრივ დავას აგრძელებენ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ.

მამუკა ხაზარაძემ 18 თებერვალს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თიბისი ბანკი მზადაა, დიალოგის რეჟიმში განაგრძოს მოცემული სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი