ახალი ამბები

გარემოს დაცვის ერთიანი პოლიტიკა თბილისს – რას ითხოვენ არასამთავრობოები საკრებულოსგან

11 აგვისტო, 2014 • • 2505
გარემოს დაცვის ერთიანი პოლიტიკა თბილისს – რას ითხოვენ არასამთავრობოები საკრებულოსგან

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე დღეს საკრებულომ 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მოუსმინა. კომიტეტის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი სამოქალაქო სექტორისგან შენიშვნების მოსმენაა.

 

საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ თბილისში ეკოლოგიური სიტუაციის მასშტაბური ანალიზია გასაკეთებელი, რომლის შემდეგაც საკრებულო დაინახავს, რა უნდა გააკეთოს დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წევრის ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, უპირველესად უნდა აღდგეს მერიისადმი დაქვემდებარებული გარემოს დაცვის სამსახური, რომელიც 2004 წელს გაუქმდა.

მაჭარაშვილის თქმით, დღეს თბილისში გარემოს დაცვის კანონმდებლობა არ მოქმდებს, ხოლო ახალი მშენებლობები გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გარეშე იწყება. მაჭარაშვილის თქმით, არავინ ზომავს ხმაურის, განიავების, გამწვანებისა და სხვა საკითხებს.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის გაფართოებული სხდომა. 11.08.2014
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის გაფართოებული სხდომა. 11.08.2014

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტმა ერეკლე ურუშაძემ, რომელიც გაფართოებულ სხდომას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ თბილისის გამწვანების ბიუჯეტი იხარჯებოდა ისეთი ტიპის ნარგავებზე, რომლებსაც ეკოლოგიის კუთხით არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

შორენა ბუხრაშვილი ურუშაძეს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ წინა თვეში მერიის გამწვანების სამსახური საკრებულოსგან ითხოვდა 234 ათასი ლარის ღირებულების პროქტის დამტკიცებას, რომლის ფარგლებში თბილისში, დაუკონკრეტებელ ადგილას დაირგვებოდა ყვავილები, რომელთა ყვავილობის პერიოდი სამ კვირას არ აღემატება.

ბუხრაშვილის თქმით, პროექტი საკრებულომ არ დააფინანსა და “თუკი მსგავსი პროექტები შემოვა მერიიდან და იქნება დაუსაბუთებელი, არ მოხდება საკრებულოს მიერ მათი დამტკიცება.”

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ხეების დარგვის საკითხი. ერეკლე ურუშაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერს 1 მილიონი ხის დარგვის დაპირების შესრულება გაუჭირდება, რადგან თბილისის სანერგე მეურნეობებს არ აქვთ საკმარისი ნერგები და არც იციან, თუ რა უნდა მოიყვანონ.

 

გამწვანების საკითხებზე საუბარი თბილისში დაწყებულ მშენებლობებსაც შეეხო. “გრინფისის მხარდაჭერთა ჯგუფის – კავკასიის” თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილმა გამოთქვა აზრი, რომ მწვანე ზოლში დაწყებულ მშენებლობებზე მორატორიუმი დაწესდეს, რათა საკრებულომ მოძებნოს გამოსავალი მათ მოსაგვარებლად.

ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, საკრებულომ მწვანე ზოლში მიმდინარე მშენებლობებს ან ფულადი კომპენსაცია უნდა მისცეს, ან სხვა ადგილი შესთავაზოს მშენებლობების განსახორციელებლად.

შორენა ბუხრაშვილმა აღნიშნა, რომ წინა წლებში უარყოფით პრაქტიკად იქცა რეკრეაციული ზონებისთვის სტატუსის მოხსნა და იქ მშენებლობების დაწყებისთვის ნებართვის მიცემა.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი. 11.08.2014
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი. 11.08.2014

“პრობლემის გადასაჭრელად არის საჭირო კომპლექსური მიდგომა. უნდა დავიწყოთ კანონის გამკაცრების კუთხით, მე ამის მომხრე ვარ”, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

შორენა ბუხრაშვილის თქმით, საკრებულოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 11 განცხადებაა შესული, რომელთაგან 3 განცხადების პირველი ადრესატია გარემოს დაცვის კომისია, ხოლო დანარჩენი -ურბანული კომისიის სახელზე, გარემოს დაცვის კომისია მეორე ადრესატია.

განცხადებები შეეხება დიღმის ტყე-პარკს, ლილოს ტერიტორიაზე არსებულ ნაგავსაყრელს, კოსტავას ქუჩაზე მშენებლობას,  ვაკის პარკსა და ასათიანის 10 ნომერს, სპორტის სასახლის გარშემო მშენებლობებს.

თინათინ ჭავჭანიძეს, ცხოველთა უფლებების დამცველს (ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი) მიაჩნია, რომ საკრებულომ პირველი რიგში უნდა მიიღოს “პასუხიმგებლიანი მეპატრონეების” სრულყოფილი კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა პატრონს ზუსტად ეცოდინება, რა ვალდებულებას იღებს მას მერე, რაც ყავს ცხოველი.


თინათინ ჭავჭანიძე საუბრობს, რომ აუცილებელია, როგორც მეურვის მქონე, ასევე მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვა, რაც თბილისში არ ხდება. მისი აზრით, კანონმა უნდა დააწესოს ვალდებულება, რომ მეურვის მქონე ძაღლებს ჰქონდეთ ჩიპი ან ტატუ, რომელიც მათ დაკარგვისგან ან მიტოვებისგან დაიცავს.

ჭავჭანიძის აზრით, საჭიროა ძაღლების შობადობის კონტროლი:

“მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა არავის არ დაუთვლია. სტიქიურად იჭერენ, დაასტერილებენ, გაუშვებენ და ეს, აი, ასე ტრიალებს განუწყვეტლივ, სანამ არ მოხდება გამრავლების რეგულაცია და გამრავლების შეწყვეტა-სტერილიზაცია.”

 

თბილისი
თბილისი

თინათინ ჭავჭანიძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ძაღლების გაყიდვის რეგულირება. მან აღნიშნა, რომ ვინმეს თუ ჰყავს ძაღლი, არ ნიშავს, რომ რასაც მოისურვებს, იმას იზამს. ამის გარდა, მისი თქმით, თითო ძაღლზე წელიწადში 12 ლეკვი მოდის, რაც ართულებს, რომ ძაღლებს მეურვე მოუძებნონ:

“გამრავლება სრულიად უკონტროლოს ქმნის იმას, რომ ამდენი უპატრონო ძაღლია. წელიწადში ძაღლი არის ორჯერ მაკედ და შეუძლია 6 ძაღლი გააჩინოს. თითო ძაღლზე- 12. [ლეკვები] ან ქუჩაში მიდის, ან პატრონი უშოვე 12. ამდენი ადამიანი წელიწადში არ იბადება. ადამიანების რაოდენობა ვერ მიეწევა.”

ანა გაბრიაძე, “უსაფრთხო სივრცის” თავმჯდომარე ამბობს, რომ თბილისის ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნურ წყალსაცავში, ერთი მხრივ, ტურბაზის კანალიზაციის წყალი ჩადის, ხოლო, მეორე მხრივ, მისი დაჭაობების სპროცესი დაიწყო:

“ჩვენმა ორგანიზაციამ კვლევა ჩაატრა, და თბლისის ზღვის წყლის კანალიზაციით დაბინძურება დღესაც ხდება. თბილისის ზღვაში დაწყებულია დაჭაოებების პროცესი.”

ანა გაბრიაძე საუბრობს იმაზე, რომ წყალსაცავში წყალმცენარეების მომატებული ზრდა მეტყველებს. წყალსაცვიდან წყალი თბილისის ნაწილს მიეწოდება, თუმცა იქამდე იფილტრება და, როგორც ლაბორატორიული შედეგი ამბობს, წყალი საშიში არ არის.

“როგორც ლაბორატორიბეში აცხადებენ, ეს წყალი უვნებელია. მაგრამ წყალსაცავი საშინელ მდგომარეობაშია.”.

ანა გაბრიაძის თქმით, თბილისის ზღვას უნდა ჰქონდეს დაცვის ზონა 300 მეტრი და ასევე სანიტარული დაცვის ზონები, რადგან მის რეზერვუარში არსებული წყალს მოსახლეობა სასმელად იყენებს.

“კონკრეტულად ხვალ-ზეგ ეპიდემია ქალაქში არ დაიწყება, მაგრამ თვითონ წყალსაცავი ზარალდება, წყალმცენარების გაზრდა ნიშნავს დაჭაობებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი