ახალი ამბები

ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, მარნეულსა და ახალციხეში წელს აუზების მშენებლობა იგეგმება

20 თებერვალი, 2019 •
ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, მარნეულსა და ახალციხეში წელს აუზების მშენებლობა იგეგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 წელს ქუთაისსა და ზუგდიდში 50-მეტრიანი ოლიმპიური აუზები აშენდება.

მისივე თქმით, სამინისტრო წელსვე გეგმავს 25-მეტრიანი საცურაო აუზის მშენებლობის დაწყებას ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში. სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს სპორტული კომპლექსების მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში. ასევე იგეგმება სტადიონების რეაბილიტაცია სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი სტადიონი აშენდება ყვარელში.

სპორტული ინსფრასტრუქტურის პროექტებისთვის 2019 წელს სამინისტრო, ჯამში, 60 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ აუზებს, ისევე როგორც სხვა სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებს და ისინი საკუთრებაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა. მათივე ცნობით, ამ პროექტების მშენებლობა წელს დაიწყება, თუმცა 2020 წელს დასრულდება.

დღეს, 20 თებერვალს, ე..წ მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მაია ცქიტიშვილს უსმენენ. „მინისტრის საათი“ ახალი ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს. ამ ფარგლებში პარლამენტი წლის განმავლობაში ყველა მინისტრს მოუსმენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი