ახალი ამბები

გაიხსნა კახეთის მაგისტრალის პირველი 4-კილომეტრიანი მონაკვეთი

8 დეკემბერი, 2023 • 1745
გაიხსნა კახეთის მაგისტრალის პირველი 4-კილომეტრიანი მონაკვეთი

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩაქროსნულ მაგისტრალზე პირველი 4 კმ-იანი, 4-ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.

რეგიონული გამვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა.

სამინისტროს ცნობით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილი 31 კმ-ის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება, სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია და მშენებლობის
დასრულება 2024 წელს იგეგმება.

ოფიციალური ცნობით, პროექტის ფარგლებში შენდება 4 -ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი არის თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანის ნაწილი. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.

თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალური გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

როგორც სამინისტრო აცხადებს, ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც უზრუნველყოფს „გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.“

„მაღალი პროგრესია საგარეჯოს შემოვლითის მონაკვეთზეც, სადაც გზის ნაწილი
მოყვანილია ქვედა საფარში, სამუშაოები გრძელდება და მომდევნო წელს დასრულდება.

ასევე, წელს დავიწყეთ მსოფლიო ბანკის სესხით დაფინანსებული პროექტის – საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა. სამუშაოები გეგმის შესაბამისად ვითარდება და აღნიშნული მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წელს არის განსაზღვრული“ ,— აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. მის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროსვე ცნობით, კახეთის საგზაო ინფრასტუქტურის განვითარებისთვის, ასევე, გრძელდება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა, გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია და ომალოს გზის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი