ახალი ამბები

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორი: მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო

18 თებერვალი, 2019 • 2553
სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორი: მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორმა ხატია ახალაიამ ნეტგაზეთს შეატყობინა, რომ პოლიციამ მის მიმართ მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

მანამდე ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ ახალაიას გაესაუბრებოდნენ და თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთებოდა, შესაბამისად მოიქცეოდნენ.

როგორც ახალაიამ ნეტგაზეთს უთხრა, მისი ადვოკატი ესაუბრა მასთან სახლში გამოსაკითხად მისულ სამართალდამცავებს და უთხრა, რომ საფრთხე რეალური იყო და მყისიერად უნდა დაეწყოთ გამოძიება. “30 წუთში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს”, – ამბობს იგი.

როგორც ახალაია ამბობს, მოგვიანებით დაუზუსტებენ მუხლს, რომლითაც გამოძიება დაიწყო.

ხატია ახალაია, რომელიც განათლებისა და შრომის ასოციაციის წევრია, რამდენიმე დღეა სახლიდან არ გადის, რადგან ინტერნეტში სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეოგაკვეთილების გამო ემუქრებიან. მისი თქმით, ასევე, მიიღო გაუპატიურების მუქარაც. ხატია შიშობს, რომ მას და მის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდებიან.

როგორც გენდერის მკვლევარი აცხადებს, ყოველდღიურად უამრავ ლანძღვას თუ პირად მუქარას იღებს. ხატია ახალაიას უფლებებს ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი იცავს. გენდერის მკვლევრის განცხადებით, სახლიდან სწორედ ადვოკატის რჩევით არ გადის, რადგანაც ის მიიჩნევს, რომ ხატიას მიმართ დაწერილი კომენტარები და ზარები რეალურად მუქარის შემცველია.

განათლების და შრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლი აცხადებს, რომ მის მიმართ აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილები განათავსა.

ხატია ახალაიას შესაძლო მუქარაზე პოლიცია დღეს გაესაუბრება

ხატიას თქმით, როდესაც მოზარდებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, ისინი ინტერნეტის უკონტროლო სივრცეს ან პორნოგვერდებს მიმართავენ, სადაც ხშირად ინფორმაციას დამახინჯებული გზებით იღებენ და ეს მოზარდის ფსიქიკაზე კარგად არ აისახება. გენდერის მკვლევარი განმარტავს, რომ სწორედ აქედან გაჩნდა ვიდეოგაკვეთილების იდეა, რათა მოზარდებმა ინტერესი სწორად მიწოდებული ინფორმაციით დაიკმაყოფილონ.

“სახლიდან ვერ გავდივარ” – სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი