“ეს საქართველოა” – ამ ლოზუნგის ქვეშ, სახელმწიფო სიმბოლიკის ხელშეუხებლობისა და ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვის მოთხოვნით, საქართველოს გიდები აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, 21 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უფასო ტურის სახე ექნება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ყველა ქალაქში გიდებიუ ფასოდ მოემსახურებიან როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს.
“…ზოგიერთმა უცხოურმა ტუროპერატორმა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დაიწყო ქართული სიმბოლიკის, ისტორიის, კულტურის და ტრადიციების გაყალბება, რაც ყველაზე აქტიურად აისახა ზოგიერთი უცხოური ტურისტული კომპანიის საიტზე, სადაც საქართველოს რუკა არასრულად არის ასახული; რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე, დამოუკიდებელ ზონებადაა გამოყოფილი. თუ ეს უცოდინარობით არის გამოწვეული და პოლიტიკას არ უკავშირდება, საქართველოს ტურისტულ სფეროში მოღვაწე ადამიანები, მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაციები საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოლოგიის, კულტურის სფეროში”, – წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ორგანიზატორთა განცხადებით, 21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მომუშავე ასობით გიდი ქვეყნის ყველა ქალაქში უსასყიდლოდ გამართავს შემეცნებით ტურებს ყველასთვის, ვისაც ამის სურვილი ექნება: რიგითი მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის, არასამთავრობო სექტორისა თუ საქართველოს სტუმრებისთვის. ღონისძიების სიმბოლო საქართველოს დროშა იქნება, ტურების ხანგრძლივობა კი – 1-3 საათი. პროცესი 12:00-ზე დაიწყება და 18:00-ზე დასრულდება.
აქცია-ტურს 3 მთავარი მოთხოვნა ექნება:
1.სახელმწიფო სიმბოლიკის დაცვა დამახინჯებისგან;
2.სეპარატისტული ტურიზმის განვითარების ალაგმვა;
3.საერთაშორისო სამართლის ნორმების და ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვა და შესრულება.
“აქციის მიზანია სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩართვა ამ პროცესში. გვინდა მოვუწოდოთ უცხოელ კოლეგებს, არ მოხდეს საქართველოს რუკის, სახელმწიფო სიმბოლიკის დასახიჩრება. მოვუწოდებთ ასევე პარლამენტს, მიიღოს შესაბამისი კანონი სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან დაკავშირებით”, – წერენ გიდები.
ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა მოქალაქეებმა საქართველოს რუკის დამახინჯების წინააღმდეგ კამპანია მიმდინარე თვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაიწყეს. ონლაინ-ფლეშმობში მონაწილეები ფეისბუკზე საქართველოს რუკის ფოტოებს ტვირთავდნენ და აწერდნენ: “ეს საქართველოა! This is Sakartvelo! (Georgia)
Это Сакартвело! (Грузия)”.
ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, სურთ, 21 თებერვალი დამკვიდრდეს თარიღად, როცა გიდები ნებისმიერ მსურველს ტურისტულ მომსახურებას უფასოდ გაუწევენ.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.