ტურიზმის სფეროში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები ონლაინ-ფლეშმობს მართავენ საქართველოს რუკის დამახინჯების წინააღმდეგ.
ონლაინ-ფლეშმობში მონაწილე ტურიზმში დასაქმებულები ფეისბუკზე საქართველოს რუკის ფოტოებს ტვირთავენ:
“საინფორმაციო ომით ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, ერთობა, სიმართლე! ერთგვარი ფლეშ- მობი, ყველა ერთდროულად ვდებთ ღია პოსტს საქართველოს რუკით, სამენოვანი წარწერით. თუ გნებავთ, სხვა ენებზეც, რომლიც იცით. ეს საქართველოა! This is Sakartvelo! (Georgia) Это Сакартвело! (Грузия)”, – წერს ონლაინფლეშმობში ჩართული ალექსანდრე გიორგიძე.
“გთხოვთ, ყველამ გავაზიაროთ ეს ფოტო ამავე ტექსტით. ეს არის ტურიზმში მოღვაწე ხალხის აქცია ქართული რუკის დამახინჯებულად წარმოჩენის საწინააღმდეგოდ”, – წერს ლექსო პაიკიძე.
ლექსო პაიკიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ რუსული კომპანიები საქართველოს რუკას დამახინჯებულად დებენ თავის ვებგვერდებზე, როდესაც რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს ტურებს ყიდიან. მისი განმარტებით, ონლაინ-ფლეშმობი სწორედ ამის წინააღმდეგაა მიმართული.
ალექსანდრე გიორგიძის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს რუკის დამახინჯების ტენდენცია შეინიშნება რამდენიმე ტუროპერატორის მხრიდან. ერთ-ერთ ამის მაგალითად “პიატკი გორიატის” საავტორო ტური დაასახელა, რომლის ვებგვერდზეც საქართველოს დროშა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო დატანილი.
თუმცა ამ დროისთვის რუკა ვებგვერდიდან წაშლილია. გიორგიძის განმარტებით, პროტესტის შემდეგ ტურის ავტორმა ტურიზმით დაკავებულ ერთ-ერთ მათ მეგობარს მესენჯერით მიწერა პასუხი, რომ ეს ფოტო წაშალა და ბოდიში მოუხადა მათ, ვინც ეს ამბავი მტკივნეულად მიიღო. ტურის ავტორი განმარტავს, რომ მას საქართველო უყვარს, რუკა ინტერნეტიდან გადმოწერა და ამით არავითარი პოლიტიკური განაცხადი არ გაუკეთებია.