ახალი ამბები

ძმის ინფორმაციით, დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

17 თებერვალი, 2019 •
ძმის ინფორმაციით, დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა. ის, დღეს 17 თებერვალს, ადვოკატებთან ერთად ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა, მამალაძის თქმით, პალატაში ისინი არ შეუშვეს.

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ის განმარტავს, დღეს დილით გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან “ავერსის” კლინიკაში კვლევებზე გადაიყვანეს, თუმცა, არც ოჯახსა და არც ადვოკატებს ამის შესახებ წინასწარ არ აცნობეს.

“ახალი არაფერი არ არის ჯერჯერობით. სიტუაცია უკეთესობისკენ არ წასულა. მეტყველებით ცოტათი საუბრობს, თუმცა, არა ის, როგორც ადრე. ამასთანავე, მას არ შეუძლია გადაადგილება. რაც შეეხება დიაგნოზს, ზუსტი დიაგნოზი უცნობია, თუმცა, ის რომ მას ინსულტი ჰქონდა ექიმებმა დაადასტურეს.

გვითხრეს, რომ ზუსტი პასუხი ხვალ იქნება და ხვალვე გადაწყვეტენ, ჩაუტარდება თუ არა მას ოპერაცია,” – ამბობს თორნიკე მამალაძე.

გიორგი მამალაძე ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია. ის მცირე ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში 16 თებერვალს გადაიყვანეს, სადაც დეკანოზი ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.

დეკანოზი მამალაძის წინასწარი დიაგნოზი მცირე ინსულტია

მასალების გადაბეჭდვის წესი