ახალი ამბები

დეკანოზი მამალაძის წინასწარი დიაგნოზი მცირე ინსულტია

16 თებერვალი, 2019 •
დეკანოზი მამალაძის წინასწარი დიაგნოზი მცირე ინსულტია

მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით, ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა (მცირე ინსულტი), N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი.

19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია.

21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

NCDC-ის განმარტებით, ინსულტის სამი ძირითადი ფორმა არსებობს:

  • იშემიური ინსულტი
  • ჰემორაგიული ინსულტი
  • ტრანზიტორული (გარდამავალი) იშემიური შეტევა, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც მცირე ინსულტი.

იშემიური ინსულტის მიზეზები:

  • იშემიური ინსულტი უხშირესი ფორმაა, ის  საერთო შემთხვევების დაახლოვებით 85%-ს შეადგენს. იშემიური ინსულტის მიზეზი თავის ტვინის არტერიების შევიწროება ან დახშობაა. ეს ხშირად გამოწვეულია თრომბით, რომელიც თვით ტვინის ქსოვილის არტერიებში ან სხვა სისხლძარღვში წარმოიშობა და მიჰყვება სისხლის ნაკადს;
  • ცხიმოვანი ჩანართები სისხლძარღვში წარმოქმნის ე.წ. ათეროსკლეროზულ  ფოლაქს და ხდება ემბოლიზაციის მიზეზი.

ჰემორაგიული ინსულტის მიზეზები

  • ჰემორაგიული ინსულტი სისხლძარღვის გასკდომის და სისხლის ჩაქცევის შედეგია, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული მაღალი წნევით, სისხლძარღვის ანევრიზმით (სისხლძარღვის კედლის სისუსტე), ქალას ტრავმით, სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით და ა.შ.;
  • ინტრაცერებრალური ანუ ტვინის ქსოვილში სისხლჩაქცევა ყველაზე ხშირია ჰემორაგიული ინსულტისას;
  • სუბარაქნოიდალური ანუ ტვინისა და მის შემომგარსველ ქსოვილს შორის სივრცეში სისხლჩაქცევა უფრო იშვიათია.

ტრანზიტორული იშემიური შეტევის მიზეზები

  • მიზეზები ანალოგიურია, როგორც იშემიური ინსულტისას;
  • აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით (CDC Atlanta), ტრანზიტორული იშემიური შეტევის შემდეგ მკურნალობის გარეშე დარჩენილ პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედში ინსულტის შემთხვევა ერთი წლის განმავლობაში დგება. შეთხვევათა დაახლოვებით 10-15%-ში კი ინსულტი შესაძლოა განვითარდეს 3 თვის განმავლობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი