დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ბათუმის მერიამ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების პროექტი წარადგინა.
პრეზენტაციას სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად უსმენდა.
აღნიშნული დოკუმენტი უკვე დიდი ხანია, რაც მერიასა და სამოქალაქო სექტორს შორის დავის საგანია. “გეოგრაფიკმა” ბათუმის ისტორიული ზონებთან დაკავშირებული კვლევა მერიის დაკვეთით მოამზადა, თუმცა მერიამ ის საკრებულოში შესვლამდე შეცვალა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომის” თავჯდომარე, შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ მერიამ დოკუმენტი თვითნებურად დააკორექტირა.
“შარშან ვცდილობდით, რომ დოკუმენტი მიგვეღო, თუმცა მოხდა ისე, რომ მერიამ ორიგინალური დოკუმენტიდან ამოიღო რამდენიმე უბანი და თვითნებურად, კვლევის გარეშე, გადასცა საკრებულოს”, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
ამ განცხადებას ეწინააღმდეგება ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, რომელიც ამბობს, რომ არ არსებობს დაკორექტირებული და ორიგინალი დოკუმენტები.
მერის თქმით, „გეოგრაფიკის” მიერ შემუშავებული და შემდგომ ნაწილობრივ განახლებული დოკუმენტი ისტორიული საზღვრების დადგენას დაედო საფუძვლად, რომელიც დღეს მერიამ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წარუდგინა.
ამ დოკუმენტში ბათუმის გარკვეული ადგილები, მათ შორის ბულვარი და ე.წ. ჭაჭის კოშკის, ყოფილი საბჭოთა ბუნკერის ტერიტორია, არ შედის. მერი განმარტავს, რომ კოშკთან სიახლოვეში კულტურული ღირებულების შენობა არასდროს ყოფილა. რაც შეეხება ბულვარს, ის დასძენს:
“რატომ არ გავიარეთ ბულვარის საზღვრებით? ჩვენ, ჩვენი ხედვით, ეს ვარიანტი შემოგთავაზეთ იმიტომ, რომ ჩვენ შემოვხაზეთ უშუალოდ განაშენიანების ზონა. ბულვარი, როგორც ძეგლი, თავისთავად დაცულია. მე მგონი, უფრო უკეთესად, ვიდრე განაშენიანების ზონაში შესაძლებელი მშენებლობები. ამიტომ მივიჩნიეთ, რომ უშუალოდ განაშენიანების ზონა შემოგვეფარგლა. და სწორედ ეს იყო ჩვენი ძირითადი მოტივი”, – განაცხადა ლაშა კომახიძემ შეხვედრაზე.
მერიის ამ გადაწყვეტილებას ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის, “ICOMOS”-ის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე შეეწინააღმდეგა. მისი თქმით, ამ დოკუმენტიდან ბულვარის ამოღება დაუსაბუთებელი და არასწორი გადაწყვეტილებაა.
ცინცაბაძე განმარტავს, რომ პროექტი რიგ ხარვეზებს შეიცავს, რაც იმის ბრალია, რომ ბათუმს ურბანული კონსერვაციის განყოფილება არ აქვს. მისი თქმით, მერის კომპეტენციაში არ შედის იცოდეს ის, თუ რატომ უნდა შევიდეს ზონალურ დაცვაში ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარი.
“თუკი კულტურულ საყრდენ გეგმას არ ეთანხმება ქალაქი, მას დარგობრივი დასაბუთება სჭირდება. თუ ქალაქს უნდოდა იმ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა, უნდა აგვეყვანა ვიღაც, ვინც ამას დარგობრივად დაასაბუთებდა. პირი, რომელიც გვეტყოდა, თუ რატომ არ შეიძლება, მაგალითად, რივიერის ტერიტორიის ამოჭრა.
მაგრამ ბულვარის ამოღება დაცვითი ზონიდან რომ არ შეიძლება, ამას ნებისმიერი პროფესიული ორგანიზაცია იტყოდა, მათ შორის, ბათუმის მერიის ურბანული დაგეგმარების ძეგლთა დაცვის უჯრედი. დაცვის ზონა არ არის ძეგლის დაცვის ზონა, ეს არის ტერიტორიული დაცვის ხელსაწყო. ის არ იცავს ობიექტებს,” – ამბობს ნატა ცინცაბაძე.
შეხვედრის დასასრულს მერმა განაცხადა, რომ ის მზად არის კვლავ გადახედოს რეკომენდაციებს, მათ შორის ექსპერტთა კრიტიკას გაითვალისწინებს. რაც შეეხება საბჭოს გადაწყვეტილებას, მას მერიას რამდენიმე დღეში აცნობებენ. რის შემდეგადაც საბოლოოდ კორექტირებული ვარიანტი ისევ მუნიციპალიტეტთან უნდა შეთანხმდეს. ამ პროცედურების შემდეგ, კულტურის სამინისტროს წარდგინებით, დოკუმენტი საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.