ახალი ამბები

კომუნიკაციების მარეგულირებელმა “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება შეუჩერა

14 თებერვალი, 2019 • 1262
კომუნიკაციების მარეგულირებელმა “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება შეუჩერა

14 თებერვლის კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC-მ) “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება შეუჩერა.

“მაგთიკომს” 18 თებერვლიდან ჰქონდა დაანონსებული ტარიფების გაძვირება. ტარიფების გაზრდა იანვარში დააანონსეს “მაგთიმ” და “ჯეოსელმა”, რომელსაც ახლა სილქნეტი ფლობს.

GNCC-ის თანახმად, მათ ორივე კომპანიას მოუწოდეს, “შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს”, თუმცა ეს, მათი თქმით, მხოლოდ “სილქნეტმა” გაითვალისწინა.

“გამომდინარე იქიდან, რომ “მაგთიკომმა” თავის გადაწყევტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება გაუჩერა”, — წერს GNCC.

მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ “მაგთიკომის გადაწყვეტილება ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი იმისთვის, რომ აბონენტები არ დაზარალდნენ”.

“კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ დატოვოს ძალაში”, – წერს GNCC.

მასალების გადაბეჭდვის წესი