დღეს, 14 თებერვალს, მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა გიორგი ფირცხელანმა “კვირის” ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირები ოჯახში კონფლიქტისა და ძალადობის საქმეებში მედიატორის როლით უნდა ჩაერთონ.
ამ ბრიფინგსა და ინიციატივას საპატრიარქოშიც ეხმაურებიან. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ თუ სასულიერო პირები ოჯახური პრობლემების მოგვარებაში ჩაერთვებიან, ეს მართლაც კარგი იქნება.
ფირცხელანი განმარტავს, რომ რამდენიმე დღის წინ სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის შემცირებაზე მსჯელობდნენ.
ბრიფინგზე მღვდელმსახურმა გიორგი ფირცხელანმა განაცხადა, რომ ძალადობის აღკვეთას როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზები აქვს, რომელთა შორის, არაპირდაპირი უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე სიღრმისეულ პრობლემას ეხება.
“ხდება ხოლმე ყველა ოჯახში… მაგალითად, კონფლიქტი წარმოიშვა მეუღლესთან, მოვიდა პატრული მეზობლის მიერ გამოძახებული და ეს ბიჭი აღმოჩნდა ციხეში რამდენიმე წლით. ოჯახის წევრები კი ჩავარდნენ უკიდურეს გაჭირვებაში. თვითონ ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის მიერ, რომელიც კრებს ინფორმაციას აღსარების დროს მოსახლეობიდან, აღმოჩნდა, რომ ბევრ მოძღვარს ასეთი შემთხვევები დაუგროვდა.
მე პირადად 4 შემთხვევა მაქვს ასეთი, როდესაც სამართალდამცველების მხრიდან ხისტი დამოკიდებულების შედეგად,ინგრევა ოჯახები ან უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ვარდება. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ძალადობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეგულაციები შეიცავს საგანგაშო ხარვეზებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას და კიდევ ხელოვნურად რომ შეიქმნას ოჯახების ნგრევის რაღაც მიზეზები, ძალიან ცუდი იქნება,” – მიიჩნევს გიორგი ფირცხელანი.
მისი თქმით, დღეს გამართული ბრიფინგი ეძღვნება იმას, რომ ძალადობის შემთხვევები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, ეკლესიისთვის ცნობილი გახდეს და, შესაბამისად, “ეკლესია გაუწევს მედიაციას მთავრობასა და პარლამენტთან, რათა ასეთი შემთხვევები აღმოფიხვრას”.
“ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოშვებულ იქნენ ის ადამიანები, რომლეთა ოჯახის წევრებიც უკიდურესად დაზარალდნენ ამ ყველაფრით, ბოროტება კი არ შემცირდა მათი იზოლირებით, არამედ გაიზარდა, აქედან გამომდინარე, ჩვენი ბრიფინგის მიზანია, რომ ეს ბოროტება არ ხარობდეს, არამედ შემცირდეს.
ზოგადად, აუცილებელია, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით სამართალდამცველები გარკვნენ იმაში, თუ რა არის კონფლიქტი და რა – ძალადობა. [ეს ორი რამ] უნდა გაიმიჯნოს, რათა არ მოხდეს მათი აღრევა, იმიტომ, რომ ესენი აბსოლუტურად სვადასხვა ცნებებია. კონფლიქტი სხვაგვარად უნდა აღოიფხვრას, ხოლო ძალადობა, რა თქმა უნდა, აღიკვეთოს,” – განმარტავს მღვდელმსახური.
მისივე თქმით, ეკლესიას არ აქვს ბრალმდებლის როლი და მას პრობლემების მოგვარება მხოლოდ სიყვარულით შეუძლია. მღვდელმსახური მიიჩნევს, რომ ეკლესიამ დამნაშავეების ძებნის გარეშე უნდა იპოვოს მიზეზი, თუ “რატომ აღიქვა ერთმა მხარემ კონფლიქტი ძალადობად, ხოლო მეორე მხარე რატომ მოიქცა ასე”.
ფირცხელანი ამბობს, რომ ეკლესიასა და პარლამენტს აქტური თანამშრომლობა აქვთ და ისინი სამებაში სამუშაო შეხვედრებს ხშირად ესწრებიან.
ნეტგაზეთი კომენტარისთვის დაუკავშირდა საპატრიარქოსაც, რათა გაერკვია, აქვს თუ არა ინიციატივას მისი მხარდაჭერა. პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს:
“მე უშუალოდ არ ვმონაწილეობდი ამ კონფერენციაში, კითხვა მამა გიორგისთან უფრო არის. ზოგადად, ჩვენთან დაგროვდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ოჯახი აღსრულების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც მოჰყვა ოჯახური კონფლიქტის საჩივარს და ამ კონფერენციაზე გამოიკვეთა პრევენციული ზომების დეფიციტი.
სწორედ ამაზეა საუბარი, რომ პრევენციული ზომებიც დაემატოს იმ ნორმებს, რომლებიც აქამდე მოქმედებს, რომ იქნებ უფრო დაზუსტებით მოხდეს პრობლემის იდენტიფიკაცია”, – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოება გიორგი ფირცხელანის დამატებით განმარტებებს უნდა დაელოდოს, რაც შეეხება საპატრიარქოს:
“საპატრიარქო შეიძლება ჩაერთოს ოჯახური კონფლიქტების მოგვარებაში, რა თქმა უნდა. საპატრიარქო კი არა, უფრო იგულისხმება სასულიერო პირები, ვინაიდან საპატრიარქო უფრო ადმინისტრაციულია. სასულიერო პირები თუ ჩაერთვებიან ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, ეს იქნება ძალიან კარგი და, რა თქმა უნდა, ეს საერთო აზრია,” – დასძენს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახში ძალადობა არის:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) ჯგუფურად;
ე) არაერთგზის, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამავე თემაზე
მოძალადისთვის მედიაცია სასათბურე პირობებს ნიშნავს – პატარაია სამღვდელოების ინიციატივაზე