ჰიბრიდული ომი, რადიკალიზაცია და მისი თანმდევი მოვლენები, ქალები და უსაფრთხოება, სახელმწიფო საიდუმლოება და გამჭვირვალობის საკითხები პარლამენტისთვის, საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტები და ადამიანის უფლებები – უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ამ სახის რისკებს თბილისში ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ პარლამენტარები, პარლამენტის აპარატის წევრები, ადგილობრივი და მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.
„პარლამენტი და უსაფრთხოების სექტორი: ახალი გამოწვევები, ეფექტიანი ზედამხედველობა“, – ასე ერქვა კონფერენციას, რომელიც 11-12 თებერვალს გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მხარდაჭერით – „ევროკავშირის მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობაში“.
პარლამენტის ახალი შესაძლებლობები საზედამხედველო საქმიანობის განსახორციელებლად
უფროსი საპარლამენტო მრჩეველი და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ევროკავშირის პროექტის გუნდის ლიდერი, სტივ ლი როგორც განმარტავს, საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის უკანასკნელი ცვლილებები, ზრდის პარლამენტის უფლებამოსილებას და მეტ შესაძლებლობას აჩენს საპარლამენტო ზედამხედველობის განსახორციელებლად.
„სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების საქმიანობა, თავისი ბუნებით მოითხოვს გარკვეულ გასაიდუმლოებას, ამიტომ პარლამენტისთვის უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობა, შედარებით რთულია. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სურვილი აქვთ ეს საქმიანობა ეფექტურად განახორციელონ, დღეს უკვე დამატებითი ინსტრუმენტები არსებობს ამისათვის. სწორედ ამიტომ ევროკავშირი ეხმარება საქართველოს პარლამენტარებს გამოცდილების გაზიარებასა და არსებული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების გზების გაცნობაში”, – აღნიშნავს სტივ ლი.
გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმაც:
„შერჩეული თემები და მოწვეული ექსპერტები გვაწვდიდნენ იმ საჭირო და გამოსადეგ ინფორმაციას, რაც დაგვეხმარება პრაქტიკულ საქმიანობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია ორიენტირებულია არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლებაზე, არამედ იმ პრაქტიკის გაზიარებაზე, რაც სხვადასხვა ქვეყანას გააჩნია“.
ადამიანის უსაფრთხოება – კომპლექსური მიდგომა უსაფრთხოების საკითხებში
კონფერენციის მთავარ ღერძს წარმოადგენდა უსაფრთხოების განხილვა შედარებით ახალი მიდგომით, რომელსაც ადამიანის უსაფრთხოება [Human Security] ეწოდება და განსხვავებით ტრადიციული, სახელმწიფოზე ორიენტირებული უსაფრთხოების მიდგომისგან, ადამიანზეა ფოკუსირებული. ეს მიდგომა ტრადიციულთან ერთად მუშაობს და აფართოებს უსაფრთხოების გაგებას, იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს, რომ საფრთხეები არა მხოლოდ პირდაპირი საომარი ან/და სამხედრო დაპირისპირებებისგან მომდინარეობს, არამედ სხვა შიდა და გლობალური მიზეზები იწვევს მათ. ამის თავიდან აცილება კი სახელმწიფოებს სწორად დაგეგმილი და განხორციელებული, დაბალანსებული პოლიტიკით შეუძლიათ. ადამიანის უსაფრთხოება მოიცავს ეკონომიკური, კვების, ჯანმრთელობის, გარემოს, პერსონალური, სათემო და პოლიტიკური უსაფრთხოების სტრატეგიულ მიმართულებებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უსაფრთხოების შესახებ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, კნუტ ვოლებეკიმ კონფერენციაზე ისაუბრა ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე და უსაფრთხოების თანამედროვე, ფართო გაგებაზე, რომელიც გამორიცხავს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე პოლიტიკის წარმოებას.
„დღეს ყველა საზოგადოება მულტიკულტურული, მულტიეთნიკური და მულტირელიგიურია. შესაბამისად, დისკუსია იმაზე, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, უკვე აზრს მოკლებულია. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, ვიპოვოთ გზები, თუ როგორ დავეხმაროთ მსგავს მრავალფეროვან საზოგადოებას ფუნქციონირებაში ისე, რომ არ დარჩნენ ინდივიდები ან ჯგუფები, რომლებიც თავს მარგინალიზებულად იგრძნობენ, რომლებიც ვერ შეძლებენ თანასწორ მონაწილეობას. არ შეიძლება ტერორიზმის ან სხვა საფრთხეების შიშით ისეთი გაუკონტროლირებელი ძალაუფლებით აღვჭურვოთ უსაფრთხოების სამსახურები არსებობდნენ, რომლითაც თავად დაიწყებენ საკუთარი მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევას“, – განმარტავს კნუტ ვოლებეკი. ის დასძენს, რომ რადიკალიზაციის გამომწვევი მიზეზების დიდი წილი, ევროპული გამოცდილებით სწორედ მარგინალიზება, იმედგაცრუება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ნაკლებობაა. ყველაფრის რელიგიურ ჯგუფებზე დაბრალება კი ზედაპირული მიდგომაა. ამის საილუსტრაციოდაც საკუთარი ქვეყნის, ნორვეგიის მაგალითი მოჰყავს, როდესაც ტერორისტული აქტის განმხორციელებელი თავად წარმოადგენდა რელიგიურ და ეთნიკურ უმრავლესობას.
კნუტ ვოლებეკის თქმით, ასევე საყურადღებოა ის მემარჯვენე რადიკალური გაერთიანებები, რომლებიც, ძირითადად, ნაციონალისტურ საფუძვლებზე იქმნება. ამ ჯგუფებში ადამიანები, ძირითადად კი ახალგაზრდა კაცები, იმ იმედგაცრუების სუბლიმირებას ახდენენ, რაც საკუთარი საზოგადოების არასტაბილურობის გამო განიცადეს.
ჰიბრიდული ომი და კიბერუსაფრთხოება
კონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ჰიბრიდული ომი და კიბერუსაფრთხოება დასახელდა. სტივ ლის თქმით, „თანამედროვე ტექნოლოგიებმა, თანამედროვე საფრთხეებიც შექმნა“. ამასთან გამკლავება კი ისეთი დიდი და ძლიერი სახელმწიფოებისთვისაც რთულია, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის საარჩევნო სისტემაც, ორი წლის წინ კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა.
კნუტ ვოლებეკი კი თვლის, რომ ცრუ ინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი განათლების სისტემას აკისრია, რომელმაც ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნების უნარები უნდა განუვითაროს. მანამდე კი პატიოსანი მედია საშუალებების იმედად ვართ, რადგან არ შეგვიძლია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც თავის მხრივ უარეს ეფექტს მოგვცემდა.
საქართველოს მთავარ გამოწვევად რუსული პროპაგანდა მიაჩნია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის წარმომადგენელს, ნოდარ ტანგიაშვილს. მისი გამოსვლა სწორედ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინსტრუმენტების შექმნას ეხებოდა.
„რადგან ძალიან მცირე ზღვარია სიტყვის თავისუფლებასთან გასავლები, ჩემი რეკომენდაცია და ხედვა პარლამენტისთვის წარმოადგენს ისეთი რეგულაციების შემუშავებას, რომელიც მედია ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“, – ამბობს ის და ასევე აღნიშნავს, რომ არსებული გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელია საქართველოს მთავრობამ გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაციები, ხოლო პარლამენტმა აკონტროლოს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობა საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ, რადგან დღეისათვის „სტრატეგიულ კომუნიკაციებს უფრო ფორმალური ხასიათი აქვს“.
ნოდარ ტანგიაშვილის რეკომენდაციები ასევე მოიცავდა დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპარლამენტო მოკვლევის ჩატარებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მოსაზრებებისა და ხედვების გაცნობასაც.
გაეროს გლობალური მიგრაციის პაქტი ადამიანის უსაფრთხოებისთვის
გაეროს ადამიანის უსაფრთხოების შესახებ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, უსაფრთხოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნია გაეროს მიერ ახლახანს მიღებული გლობალური მიგრაციის პაქტი, რომლის ხელმომწერ 164 ქვეყანას შორის საქართველოცაა. ვოლებეკი ვარაუდობს, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს, ან გადადეს ხელის მოწერა, კარგად ვერ გაიგეს პაქტის შინაარსი. იგი ასევე საუბრობს იმ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზეც, რომელიც თითქოს და ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს ლიმიტირებული რაოდენობის მიგრანტთა მიღებას:
„რასაკვირველია ეს პაქტი არ ეუბნება ქვეყნებს მიიღონ ან არ მიიღონ მიგრანტთა რაიმე რაოდენობა, არამედ იმას, რომ შეიმუშაონ და გააჩნდეთ კანონები და რეგულაციები, რომლებიც უპასუხებს მიგრაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. გარდა ამისა, ამ პაქტს არც აქვს სამართლებრივი იძულების ძალა, ეს არის ერთგვარი მიდგომა, რომელიც მიმართულებას მისცემს და დაეხმარება ქვეყნებს შექმნან თანმიმდევრული მიგრაციის სისტემა”, – გვიხსნის იგი და ასევე აღნიშნავს, რომ პაქტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ლტოლვილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხების მკაფიო გამიჯვნა, რადგან, მისი თქმით, „ყოველ შემთხვევაში ევროპაში, ხშირად ურევენ ამ ორს ერთმანეთში“.
პაქტის ის ნაწილი, რომელიც მიგრაციას ეხება, ცდილობს შექმნას საკითხისადმი საფუძვლიანი მიდგომა, რათა ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული, როგორც ინდივიდუალური, ასევე სახელმწიფო დონეზე. იმის საილუსტრაციოდ, თუ რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს დაურეგულირებელმა ან დაუზუსტებელმა მიგრაციის პოლიტიკამ, კნუტ ვოლებეკი აფრიკის მაგალითს იხმობს, სადაც, მისი თქმით, მიგრანტთა 80% რეგიონს შიგნითაა მიგრირებული და, შესაბამისად, ქვეყნებს [მაგალითად, სამხრეთ აფრიკას დაახლოებით 7 მილიონი] მილიონობით არალეგალი მიგრანტი ჰყავს. ეს ქმნის ჩრდილოვან ეკონომიკას, ხოლო ჯანდაცვის სერვისების მიღმა დარჩენილ მიგრანტებს დაავადებათა გავრცელების საფრთხის წინაშე აყენებს.
კონფერენცია – „პარლამენტი და უსაფრთხოების სექტორი: ახალი გამოწვევები, ეფექტიანი ზედამხედველობა“, ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მხარდაჭერით – „ევროკავშირის მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობაში“.