ახალი ამბები

როცა სოფლიდან გასახლებენ და სახელმწიფო არ გიცავს

4 აგვისტო, 2014 • 1257
როცა სოფლიდან გასახლებენ და სახელმწიფო არ გიცავს

 „რას ფიქრობთ, მიგესვლებათ სოფელში?“  – ეს კითხვა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ მკვლელობაში ბრალდებულის დას, მაგული იაკობაძეს დაუსვა. ქალი ამბობს, რომ პოლიციის მაღალი თანამდებობის პირის კითხვას ასე უპასუხა: „მე მკვლელი არ ვარ, არაფერი დამიშავებია და რატომ არ უნდა მივიდე? თუ რამე დავაშავეთ, გვაგებინონ პასუხი“.

 

მაყვალა იაკობაძე ამბობს, რომ თეიმურაზ კალანდაძემ მას  და მის 17 წლის გოგონას   წარმოუდგენლად უშვერი სიტყვებით აგინა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა   სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკურადაც სცემეს. მაყვალა ამბობს, რომ ყველა მოძალადე პოლიციელს ამოიცნობს.

 

იაკობაძეები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად მინისტრს სთხოვენ, მათი სიცოცხლის დასაცავად პოლიციელები თბილისიდან ან სხვა რეგიონიდან მიავლინონ. მათ მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი პოლიცია მათ უფლებებს არ დაიცავს.

 

პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებმა” შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიაწოდა. 31 აგვისტოს ცხელ ხაზზე ოპერატორისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე რა რეაგირება მოახდინა უწყებამ, „ბათუმელებისთვის“ უცნობია. ცხელი ხაზის (ტელეფონის ნომერი 126) „ოპერატორი 404“-ის ინფორმაციით, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჯერ მოკვლევის პროცესშია და მხოლოდ მოკვლევისთვის კიდევ რამდენიმე დღეა საჭირო.

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე ბრალდებას პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაზე უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ ადამიანების უსაფრთხოებაზე რეგიონის სამართალდამცავები „კანონის ფარგლებში“ ზრუნავენ.

 

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დებთან ერთად არ ცხოვრობდა. იაკობიძეების აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებულები არიან და უკვე 26 წელია ახალქალაქში, სოფელ გოგაშენში ცხოვრობენ.

 

მკვლელობის შემდგომი მოვლენები ერთ სოფელში

 

მაგული იაკობაძე ყვება, რომ „მკვლელობის დღეს მასთან მივიდნენ სოფლის დეპუტატი დათო თაქთაქიძე და გამგებელი თამაზ ნათენაძე და „აღელვებულ ნიადაგზე“ მას ბავშვების სოფლიდან გაყვანა ურჩიეს: „გამოგვრეკეს. რაც ტანზე გვეცვა, ისე წამოვედით. ჩემი მეუღლე დარჩა ოჯახში, გარდაცვალების მე-9 დღეს მიუცვივდნენ ჩემს ქმარს შინ, ჩაამტვრიეს ფანჯრები, 15 ადამიანი იყო მისული. ახალქალაქის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ უთხრეს, რომ 10 დღით ისიც გასულიყო სოფლიდან“.

 

მკვლელობამდე ეს ორი ოჯახი ჩვეულებრივად ცხოვრობდა სოფელში. მაყვალა იაკობაძე ამბობს, რომ გაზაფხულზე ბანკიდან კრედიტი გამოიტანეს და 15 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ქერი და კარტოფილი მოიყვანეს, თუმცა მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ: „გამოკეტილი მყავს 85 ცხვარი, ათი ძროხა, ათზე მეტი ხბო, ღორები და შინაური ფრინველი. არც ვიცი ცოცხლები არიან თუ დაიხოცნენ, ბავშვები სკოლაში უნდა გავუშვა, მე კი უკვე პურის საყიდელი ფულიც აღარ მაქვს. ღამეს მანქანაში, ქუჩაში ვათევთ…“

 

მაყვალა იაკობაძემ დახმარებისთვის უკვე მიმართა პარლამენტარ ეკა ბესელიას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს. წერილობით გაგზავნილ განცხადებაზე ჯერ პასუხი არც ერთი უწყებისგან არ მიუღია.

 

სწორედ ამიტომ მკვლელობაში ბრალდებულის დებმა საკუთარ სახლებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. :“მაგრამ 10 დღის მერეც ქვებით დაგვხვდნენ ახლობლები. მეზობლები არ იყვნენ. ჭიშკრებთან დადგნენ, ქვები დაუშინეს მანქანას, იყვნენ პოლიციელებიც, რომლებმაც გვირჩიეს, რომ ისევ დავტოვოთ სოფელი. გვითხრეს, რომ აქ დაგვხოცავენ“ .

 

უნდა იზრუნოს თუ არა საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე სახელმწიფომ? ამ ადამიანების სამართლებრივ უფლებებს ადვოკატი ლია მუხაშავრია განმარტავს:



 სოფელში დაბრუნება ფიზიკურად უახლეს დღეებში შესაძლოა ვერ შეძლონ, მაგრამ იმისთვის არსებობს იმ ტერიტორიაზე პოლიცია, რომ უზრუნველყონ ამ ადამიანების პირადი, ფიზიკური უსაფრთხოება, ხელშეუხებლობა. გარდა ამისა, ადგილობრივ პოლიციას მოეთხოვება იზრუნოს მათი ქონების, პირუტყვისა და მეურნეობის დაცვაზე. მე რომ ვიყო იქაური პოლიციის ხელმძღვანელი, მათ სახლთან, მეურნეობაში მივავლენდი პოლიციელთა ჯგუფს, რომელიც იქ მოაწყობდა სამორიგეოს და უზრუნველყოფდა ამ ოჯახისა და მათი მეურნეობის უსაფრთხოებას. თუ ამ ადამიანების პირადი უსაფრთხოების დაცვა არის შეუძლებელი, იმიტომ, რომ შეიძლება ამან მასობრივი მღელვარება გამოიწვიოს (თეორიულად არ არის გამორიცხული ამ ადამიანების სოფელში დაბრუნება საჯარო უწესრიგობის მიზეზი გახდეს), პოლიციამ მათ უნდა მოუძებნოს ცალკე საცხოვრებელი ადგილი და უზრუნველყოს მათი დაცვა მანამ, ვიდრე არ მოგვარდება მათი ქონებრივი საკითხი ისე, როგორც ეს შეეფერება უდანაშაულო ადამიანებს… ამ ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და სახელმწიფოს სახელით ამ შემთხვევაში მოქმედებს პოლიცია.

 

 იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები სოფელში დაბრუნდებიან, აქვს თუ არა პოლიციას ვალდებულება, პატრულირების გზით იზრუნოს ამ ადამიანების უსაფრთხოებაზე და თუ აქვს ვალდებულება, რამდენ ხანს?

 

 პოლიციას უფლება აქვს ხელწერილი ჩამოართვას იმ ადამიანებს, ვინც აგრესიულად არის განწყობილი. ადამიანურად გასაგებია მათი აგრესია, მაგრამ ეს არ ცვლის, არ ამცირებს და არ აუქმებს პოლიციის პასუხისმგებლობას გაატაროს პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ კიდევ უფრო უარესი ან მსგავსი დანაშაული არ განმეორდეს. პოლიციას აქვს ვალდებულება, როგორც დანაშაული აღკვეთოს და გამოიძიოს, ისე გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა თავიდან აცილებული იქნეს საფრთხე ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენისა. სახეზეა აშკარა საფრთხე იმისა, რომ კიდევ დატრიალდება უბედურება, კიდევ იქნება ძალადობა. ხორციელდება ფაქტობრივად ძალადობა… პოლიციამ ვითარების ანალიზისა და შესწავლის შედეგად უნდა გაატაროს პრაქტიკული ზომები, ადამიანებისა და მათი სამეურნეო სიკეთის დაცვის ღონისძიებები, თან უნდა იზრუნოს იმაზე, რომ განმუხტოს დაძაბულობა, ანუ პრევენცია მოახდინოს.

 

  უფრო კონკრეტულად რომ ახსნათ, როგორ უნდა იმოქმედოს პოლიციამ მაშინ, როცა არასრულწლოვანი ბავშვები ღამეს ქუჩაში ათევენ?

 

 პოლიციას აქვს ვალდებულება მიმართოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და პრაქტიკული ზომები მიიღოს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს რამდენიმე დღით ჰქონდეთ საკვები, სახლი, უზრუნველყონ მედიკამენტით, თუ ამას საჭიროებენ, საუბარია მცირეწლოვან ბავშვებსა და ქალებზე, რომლებიც არაფერ შუაში არიან და არიან ტერორის, ძალადობის მსხვერპლნი.

 

 

  სოფლიდან გამოსახლებულები ამბობენ, რომ მათი დეპუტატი  და პოლიციის უფროსი ურჩევენ განერიდონ სოფელს…

 

 გასაგებია, პოლიცია და გამგებელიც ცდილობენ თავიდან აიცილონ საფრთხე, მაგრამ ამ ადამიანებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება იზრუნონ მათზე, ვინც გაარიდეს. სახელმწიფო ვალდებულია ისინი ადამიანურ პირობებში აცხოვროს და მათი ქონება, დოვლათი იყოს დაცული განიავებისგან, განადგურებისა და ზიანისგან.

 

მაგული იაკობაძის ოჯახი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი