ახალი ამბები

გიორგი ფუტკარაძემ “მაესტრო” დატოვა

11 თებერვალი, 2019 •
გიორგი ფუტკარაძემ “მაესტრო” დატოვა

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა პროდიუსერმა გიორგი ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა.

ფუტკარაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს, რომ ამ წუთიდან მისი და ტელეკომპანია “მაესტროს” გზები გაიყო.

“ჩვენ შევძელით, რომ წელიწად-ნახევარში გვეკეთებინა არხი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში გადმოსცემდა ახალ ამბებს; გვეჩვენებინა მოვლენები სწრაფად, ხანდახან ყველაზე სწრაფად და რაც მთავარია ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო. ეს იყო 13 872 საათი ეთერში, ათობით სტუმარი ყოველდღე და ათი ათასობით ამბავი, ჯამში”, – წერს ფუტკარაძე და მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ეთერში ან კადრს მიღმა იყო.

“ახლა ჩემი წასვლის დროა, რადგან ჰოლდინგის ხელმძღვანელობა არხთან დაკავშირებით სხვა გეგმებზე ფიქრობს, რაც ჩემთვის საინტერესო აღარ არის. თუმცა, მადლობა მათ ამ შესაძლებლობისთვის და წელიწად-ნახევრიანი თავგადასავლისთვის. ზოგჯერ სახლში უნდა დაჯდე და გარედან შეხედო ამბებს”, – წერს ფუტკარაძე.

გიორგი ფუტკარაძემ დამატებით არ ისურვა საუბარი იმ მიზეზებზე, თუ რატომ ტოვებს ტელეკომპანია “მაესტროს”.

“მაესტრომდე” გიორგი ფუტკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი