ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც “ნეტგაზეთს” გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
“საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.
ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, რომელიც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვდა, აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“გამოძიების დაწყებას ეს არის მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ამ საქმეში. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.
კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.
როგორც ბაჩანა შენგელიამ “ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.