შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (Naec) მათი დაკვეთით მომზადებული კვლევის ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის მიზანი გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შეფასება იყო. მისი ავტორი განათლების მეცნიერებათა დოქტორი ლელა ჩახაიაა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში გამოცდების სისტემის შესახებ არსებული დადებითი და კრიტიკული მოსაზრებების თავმოყრა და დაინტერესებული მხარეებისთვის სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებზე ინფორმაციის მიწოდება.
კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ მიუხედავად იმისა, ორივე გამოცდა განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ამ დრომდე არცერთი კვლევით არ შეფასებულა, თუ რამდენად მიაღწია გამოცდებმა დასახულ მიზნებს.
დოკუმენტის მომზადებისას ანგარიშის ავტორებმა თვისებრივი კვლევა 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარეს და ის მოიცავდა ფოკუს-ჯგუფებსა და ინტერვიუებს.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, საქართველოში სასკოლო გამოსაშვები გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემას ბევრი ძლიერი მხარე აქვს. ამასთანავე, გამოვლინდა პრობლემები, რომელთა ნაწილის მოგვარება შესაძლებელია გამოცდების სისტემის ცვლილებით, მაგრამ დანარჩენი პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებლად საჭიროა ზოგადი და უმაღლესი განათლების სხვა სფეროებშიც კომპლექსური ცვლილებების გატარება.
სისტემის ძლიერი მხარეები
• კვლევის მიხედვით, სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ძლიერი მხარე არის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართ არსებული ნდობის მაღალი დონე ყველა დაინტერესებული მხარისგან:
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მოსაზრებაა ზოგადად სტანდარტიზებული ტესტირების სისტემაზე ან კონკრეტული ტესტის შინაარსზე, ეს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ობიექტურობა უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აღიქმება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ამ ნდობას და ობიექტურობის აღქმას განაპირობებს ერთიანი ეროვნული გამოცდების (ეეგ-ს) ორგანიზების მაღალი დონე, კორუფციის შემთხვევების არარსებობა და მეტ-ნაკლები პროგნოზირებადობა.
• ასევე ძლიერ მხარედაა მიჩნეული პროცესის სიმარტივე:
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ერთი მხრივ, უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ უნივერსიტეტში მიღება მხოლოდ ერთი პარამეტრის – სტანდარტიზებული ტესტის შედეგების საფუძველზე ხდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს განაპირობებს იმას, რომ პროცესი მარტივია, პირველ რიგში, უნივერსიტეტებისათვის. მოსწავლეებისათვის სირთულეს წარმოადგენს გამოცდების რაოდენობა და მომზადების სტრესი, მაგრამ პროცედურულად მათთვისაც გამარტივებულია უნივერსიტეტში ჩაბარება.
• უნივერსიტეტში მიღების ადრე არსებულ სისტემასთან შედარებით ეეგ-ის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს აბიტურიენტების მიერ მრავალი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ხელს უწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდას და ამასთან ერთად, შედარებით ნაკლებ პოპულარულ უნივერსიტეტებს ეხმარება, შეავსოს კონტიგენტი.
• გამოსაშვები გამოცდების შემთხვევაში ძლიერ მხარეს წარმოადგენს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი კატ-ის სისტემა.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის ავტორების თქმით, არსებობს სხვადასხვა ტიპის პრობლემები ტესტებთან დაკავშირებით, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვანი მონაპოვარია და სასურველია, ის არ დაიკარგოს, არამედ დაიხვეწოს და გამრავალფეროვნდეს.
მთავარი გამოწვევები
• ხელმისაწვდომობა
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს გამონაკლისის გარეშე. კვლევის ავტორების განცხადებით, სკანდინავიის ქვეყნებშიც კი, სადაც უთანასწორობა მსოფლიოში ყველაზე დაბალია და სოციალური დაცვის მექანიზმები მოქმედებს, სოციალურ-ეკონომიკურად პრივილეგირებული ოჯახების შვილებს გაცილებით დიდი ალბათობა აქვთ, უნივერსიტეტში ჩააბარონ და დაამთავრონ.
კვლევის ავტორების თქმით, ოჯახის გავლენით გამოწვეული უპირატესობის აღმოფხვრა შეუძლებელია. თუმცა, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საჯარო განათლების სისტემის ფუნქცია სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ოჯახის გავლენით აღმოცენებული უთანასწორობა შეამციროს.
ანგარიშის მიხედვით, ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ყველა სკოლა მეტნაკლებად თანაბარ ხარისხიან განათლებას მიაწვდის მოსწავლეებს, რომელიც საკმარისი იქნება უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად.
დღეს საქართველოში კი განათლების სისტემა, ფაქტობრივად, ზრდის უკვე არსებულ განსხვავებებს სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით. ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად რეპეტიტორებთან სიარულის, ფაქტობრივად, გარდაუვალი აუცილებლობით. ეს აუცილებლობა ობიექტურია თუ არა, ამის შეფასება ექსპერიმენტული კვლევის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებაში, უპირველეს ყოვლისა კი, მოსწავლეებსა და მათ მშობლებში ეს აღქმა არსებობს.
• სკოლის როლის დაკნინება
მეორე გამოწვევა, რაზეც აგანრიშშია საუბარი, სკოლის როლის დაკნინებაა. ანგარიშის ავტორების განცხადებით, ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და გამოცდების სისტემასთან ამ პრობლემის დაკავშირება შესაძლოა ბევრს არამართებულად ეჩვენოს.
თუმცა, ამავე დროს, ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ სწორედ ეეგ-ს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხისა და აკადემიურ კარიერაში მისი გადამწყვეტი მნიშვნელობის გამო სკოლის მიმართ ნდობა მინიმალურია. მათი შეფასებით, სკოლის როლი, პირველ რიგში, იზომება იმით, რამდენად შეიძლება ის მოსწავლეებს დაეხმაროს გამოცდების ჩაბარებაში. ხშირ შემთხვევაში სკოლა გამოცდების ჩაბარების პროცესში ხელის შემშლელ ფაქტორადაც კი აღიქმება.
• გამოცდების შედეგების გამოყენება
ანგარიშში ვკითულობთ, რომ ცენტრალიზებული გამოცდების და შეფასებების მომზადებასა და ადმინისტრირებაზე მთლიანად განათლების სექტორისთვის გამოყოფილი არცთუ ისე დიდი სახელმწიფო სახსრებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა იხარჯება. თუმცა გამოცდებისა და შეფასებების შედეგები ეფექტურად არ/ვერ გამოიყენება განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად.
• განსხვავებები უნივერსიტეტის მოლოდინებსა და აბიტურიენტის მომზადების დონეს შორის
ანგარიშში ასევე საუბარია განსხვავებაზე უნივესიტეტის მოლოდინებსა და აბიტურიენტის მომზადების დონეს შორის. კერძოდ, ეს პრობლემაც სკოლაში განათლების ზოგად ხარისხთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, გამოცდების სისტემის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. თუმცა აღნიშნავენ, რომ ეეგ მისაღებად ტარდება კონკრეტულად უნივერსიტეტში. შესაბამისად, უფრო დიდი მოლოდინი უნდა იყოს, რომ ის უნივერსიტეტში სწავლისათვის მომზადებულ ახალგაზრდებს შეარჩევს (გამოსაშვები გამოცდებისაგან განსხვავებით).
• გამოცდებით გამოწვეული სტრესი.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ სტანდარტიზებული გამოცდების რაოდენობა, რომლებსაც მე-11 და მე-12 კლასელები აბარებენ, ამჟამად ძალიან დიდია. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამ რაოდენობით გამოცდებს არცერთ სხვა ქვეყანაში ასეთ მოკლე დროის ინტერვალში არ აბარებენ.
ამასთან, კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული, რომ არცერთ ქვეყანაში არ ტარდება ცენტრალიზებულად როგორც სკოლის გამოსაშვები, ასევე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები. გარდა ამისა, კვლევის ავტორების განცხადებით, გამოცდების მიერ გამოწვეულ სტრესს ზრდის ის ფაქტორიც, რომ გამოცდების ჩაბარების გრაფიკი მოუქნელია – წელიწადში მხოლოდ ერთხელ ტარდება და გადაბარება შეუძლებელია:
“აქ ჩამოთვლილი პრობლემებიდან მხოლოდ უკანასკნელის გადაჭრა არის შესაძლებელი მხოლოდ გამოცდების სისტემის რეფორმირებით. დანარჩენები კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა დონეზე ცვლილებების გატარებას მოითხოვს. მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ გამოცდების ცენტრალური როლი დღევანდელ სისტემაში – რადგან უფროს კლასებში სწორება თითქმის 100 პროცენტით გამოცდების ჩაბარებაზეა აღებული, ცხადია, რომ გამოცდების რაოდენობა, ტიპი, სტრუქტურა – მნიშნელოვან გავლენას ახდენს სასწავლო პროცესსა და ზოგად განათლებაზე მთლიანად”, – ვკითხულობთ ანგრიშში.
მიზნები/რეკომენდაციები
კვლევის ავტორების განცხადებით, იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ნაჩქარევი რეფორმის გატარებით გამოწვეული პოტენციური საფრთხეები, საჭიროა, იმ მიზნების ფორმულირება, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია გამოცდების სისტემის რეფორმირებისას. ასევე, ნებისმიერი ზომის ან ცვლილების გატარების დროს კონკრეტულ მიზანთან კავშირის დანახვა.
ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, ცვლილებები ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნების ჭრილში შეიმუშაონ:
• უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემამ, გამოცდების სისტემის ჩათვლით, მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს, რომ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად საკმარისი იყოს საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნა, კომპეტენციები და უნარები.
• სკოლების გაძლიერება
• უნივერსიტეტების მოთხოვნის შესაბამისი კომპეტენციებისა და სხვა გამჭოლი კომპეტენციების განვითარება
• სტუდენტების მიღების პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის ეტაპობრივი გაზრდა
გარდა ამ მიზნებისა, კვლევის ავტორების განცხადებით, ნებისმიერი ცვლილების გატარების პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნას განათლების პოლიტიკის საკითხები, რომლებიც უშუალო კავშირშია ზოგადი განათლების დასრულებასთან და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასთან. კერძოდ:
• საბაზო განათლების ხანგრძლივობა.
ამჟამად საბაზო სავალდებულო განათლება 9-წლიანია. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასურველია, საბაზო სავალდებულო განათლება 10 წლამდე გაიზარდოს.
მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას და იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა მოსწავლე ათ კლასს დაამთავრებს, ექნება საბაზო უნარ-ჩვევები და ასევე საბაზო ცოდნა ყველა სასკოლო საგანში.
მეორე მხრივ, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ თუკი განმსაზღვრელი გამოცდები დაინიშნება საბაზო საფეხურის ბოლოს, გაჩნდება იმის საშიშროება, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ახალგაზრდები აღმოჩნდებიან ფორმალური განათლების მიღმა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდულია პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები.
• პროფესიული განათლების მიღების ალტერნატივა.
ანგარიშის ავტორები გამოდიან რეკომენდაციით, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც საბაზო საფეხურის გავლის შემდეგ გადაწყვეტენ (გამოცდების შედგად, ან დამოუკიდებლად), რომ აკადემიური მიმართულებით არ გააგრძელონ სწავლა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა სწავლის საფასურის გადახდის გარეშე.
“ახლა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურდამთავრებულ ახალგაზრდებს პროფესიული განათლების სასწავლებლებში მოსახვედრად და დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურენციაში შესვლა უწევთ ასაკით უფროს, ხშირად უმაღლესი განათლების დიპლომის მქონე ადამიანებთან, განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებებით. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ბევრი მათგანი მთლიანად მოწყდეს ფორმალური განათლების სისტემას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
• პროფესიული განათლების დასრულების შემდგომ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც პროფესიული სასწავლებლების დასრულების შედეგად ახალგაზრდებს ექნებათ ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის მიღების შესაძლებლობა.
დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, ყველას ჰქონდეს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ადრეულ ეტაპზე გაკეთებული არჩევანის მიუხედავად.
• უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხი.
ამჟამად უმაღლესი განათლების დაფინანსების უდიდესი წილი სწავლების გადასახადზე მოდის. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამ პირობებში უნივერსიტეტები დაინტერესებულნი არიან, მიიღონ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი.
ანგარიშის მიხედვით, თუ უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემა შეიცვალა და სტუდენტთა რაოდენობის გარდა სხვა კრიტერიუმებს დაეფუძნა, შესაძლებელია ამან გავლენა იქონიოს უნივერსიტეტების ინტერესებზე. გარდა ამისა, თუკი სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის ერთმანეთს შეეჯიბრებიან კონკრეტულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები, ეს ხელს შეუწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდას.
სრულად კვლევის ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.