ხაშურის რაიონში “ბორდერიზაციის” უკანონო პროცესზე ცხელი ხაზი გააქტიურებულია – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, წაღვლისა და ჩორჩანის მიმდებარე ტყეში ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.

როგორც “ნეტგაზეთს” სუს-ში განუცხადეს, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ქართულმა მხარემ აღნიშნული საკითხი დააყენა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 8 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე.

“შევეხეთ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესს. კერძოდ, პროცესებს, რომლებიც ვითარდება ხურვალეთში, ასევე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წაღვლსა და ჩოჩრაჩანში. ვისაუბრეთ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე; ასევე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – წაღვლისა და ჩორჩანის – მიმდებარე ტყეში ტერიტორია ყვითელი საღებავებით მონიშნეს და აპირებენ, დამატებითი ტერიტორიები მიიტაცონ, მოძრაობა “ძალა ერთობაშიამ” გაავრცელა. მოძრაობის ცნობით, მონიშნული ტერიტორიის მიღმა ჩორჩანის ტალკის საბადო და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი “ქართლი-2” ექცევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.