კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის, მიტროპოლიტ იობის დიპლომის საკითხს საპატრიარქოც გამოეხმაურა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის აკადემიური განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საპატრიარქოს არქივში იპოვეს.

“2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

მიტროპოლიტ იობისთვის განათლების ხარისხის დადასტურება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაირკვა, რომ საპატრიარქო კანდიდატის დიპლომი, რომელიც ადასტურებდა, რომ მან მცხეთის სასულიერო სემინარია დაასრულა, მისი საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა. მიტროპოლიტი იობის დიპლომის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) გაავრცელა და გამოთქვა ეჭვი, რომ საპატრიარქო კანდიდატის დიპლომი მოიპარეს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგის (ჯამდელიანი) განცხადებით, იმისათვის, რომ მიტროპოლიტ იობს საპატრიარქო კანდიდატად წარდგენა შეძლებოდა, მას შესაბამისი სასულიერო განათლების დამადასტურებელი დიპლომის წარდგენა მოსთხოვეს. თუმცა მიტროპოლიტმა აღმოაჩინა, რომ დიპლომი, რომელიც მის რეზიდენციაში ინახებოდა, დაკარგული იყო.

სწორედ სასულიერო განათლების დამადასტურებელი დიპლომის არქონის მიზეზით ვერ შეძლო საკუთარი თავის საპატრიარქო კანდიდატად დაყენება ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია). სინოდისთვის წერილობით წარდგენილ მიმართვაში მიტროპოლიტი ისაია აღნიშნავდა, რომ „ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი“. თუმცა სინოდმა მას საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება არ მისცა.

ამავე თემაზე: