ახალი ამბები

“აღრიცხვაზე დაყენება და დახმარება” – კვიციანი ფონდს აანონსებს შეყვარებული წყვილებისთვის

8 თებერვალი, 2019 •
“აღრიცხვაზე დაყენება და დახმარება” – კვიციანი ფონდს აანონსებს შეყვარებული წყვილებისთვის

დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, მალე დაფუძნდება ორგანიზაცია (შეიძლება ფონდიც), სადაც თანხას ემიგრანტები ჩარიცხავენ და ეს ფული იმ შეყვარებულ წყვილებს მოხმარდება, რომლებიც უსახსრობის გამო ოჯახის შექმნას ვერ ბედავენ. ამის შესახებ კვიციანმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

“მალე დაფუძნდება ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას იმის გამო, რომ არა აქვთ საშუალება? იქნებიან აგენტები, რომლებიც ივლიან, გაიგებენ… აღრიცხავენ, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან”, – განაცხადა კვიციანმა.

მისი თქმით, შეყვარებული წყვილები აღრიცხვაზე ასაყვანად განცხადებას დაწერენ.

კვიციანი ამბობს, რომ ფონდი მხოლოდ ქართველებს დაეხმარება. გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ეს დისკრიმინაციაა ეთნიკური უმცირესობების მიმართ, კვიციანმა განაცხადა, რომ დისკრიმინაცია არ არის, რადგან ფონდს არა სახელმწიფო, არამედ კერძო ადამიანები ქმნიან, თუმცა ანტიდისკრიმინაციული კანონი კერძო სექტორზეც ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი