პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან”, გუგული მაღრაძემ 7 თებერვალს განათლების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ წერილს, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექცია ჩატარდა, “ეტყობა, რომ ზუგდიდელის დაწერილია”.
“ამდენ ხანს არ მქონდა განცხადება ნანახი და ახლა წავიკითხე. დამერწმუნეთ, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ ნამდვილად. ამ წერილს ეტყობა, რომ ეს არის ზუგდიდელის დაწერილი”, — განაცხადა მაღრაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს უსმენენ.
ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.
სამინისტროში შევიდა წერილი ლავრენტი ქირიას ავტორობით, თუმცა დღეს განათლების მინისტრმა ბატიაშვილმა დაადასტურა, რომ უწყებას არ გადაუმოწმებია, ნამდვილად არსებობს თუ არა ეს პიროვნება. წერილის ავტორი მინისტრს სწერდა: “გისურვებთ, ააყვავოთ განათლება, როგორც მეფე დავითმა ააყვავა საქართველო”.
მაღრაძემ ამასთან დაკავშირებით თქვა: “ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელიც დაახლოებით ასეთ რაღაცას [ამბობდა] “მეფე დავითის საქართველო” და სხვა… სამინისტრო თუ შეთხზავდა წერილს, შეთხზავდა უფრო აკადემიურად”…
“ეს არის კონკრეტული ადამიანი. ახლა ეს ლავრენტია თუ ბიკენტია, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წერილი არის ვიღაცის დაწერილი. არიან ადამიანები, ვისაც ბოღმაც ახრჩობს, ქალბატონი იას [მიმართ]… ამისი გამოძიების აუცილებლობა ნამდვილად არ არის. სხვა ამბავია, როგორ მოახდინა რეაგირება, მაგრამ იმის დაბრალება, რომ ეს არის სამინისტროში შეთხზული წერილი, ახალი ცილისწამებაა”, – განაცხადა დეპუტატმა.
მანამდე მაღრაძემ განაცხადა, რომ “უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დავიცვათ” და გააპროტესტა, მისი თქმით, ოპონენტების მიერ გამოყენებული სიტყვა “მკვლელობა”.
“ხომ ყოფილა ასეთივე ტიპის შემოწმებები?.. სხვა დირექტორების ფსიქიკამ გაუძლო ამას. ამ დირექტორის ფსიქიკაზე ამან სხვანაირად იმოქმედა, ამიტომ ვინმეს პირდაპირ დადანაშაულება [არ შეიძლება]”, — განაცხადა მაღრაძემ.
გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. 26 ნოემბერს შენგელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ “არაერთი შეთავაზების მიუხედავად, დედამისი არ გახდა “ქართული ოცნების” აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცა მომხრეების სია და მათივე ცნობიერებით არ არის “მათიანი”. ამ დროს ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი”.
როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.
ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
სამინისტრო: 4 წუთში განცხადების მიღება, ხელმოწერა და რეაგირების დაწყება შესაძლებელია