საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სავსებით შესაძლბელია კანცელარიიდან მიღებული წერილი სკოლაში შესაძლო დარღვევების შესახებ მინისტრს 2 წუთში მიეღო, 2 წუთში წაეკითხა და ინსპექტირების სამსახურისთვის რეაგირებისთვის გადაეგზავნა.
ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” სამინისტროს მას შემდეგ მიმართა, რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა წყაროსაგან მიღებული დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ია კერზაიას სკოლაში (ზუგდიდის #6 სკოლა) სწორედ ამ დროში მოხდა შესაძლო დარღევებთან დაკავშირებით წერილის დარეგისტრირება, მინისტრისთვის გადაგზავნა და მინისტრის მიერ ინსპექტირების სამსახურისთვის მიმართვა.
რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ წერილი უწყებაში 8 ნოემბერს, 13:34 წუთზე შევიდა, კანცელარიამ კი მინისტრს ზუსტად ორ წუთში, 13:36 წუთზე გაუგზავნა, რის შემდგაც მინისტრმა 2 წუთში წაიკითხა და ინსპექტირების სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის გადაუგზავნა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებაში დანერგილია კომპიუტერიული პროგრამა, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებს უმოკლეს დროში აწვდის სისტემაში შესულ დოკუმენტაციაზე წვდომას. სამინისტროში აცხადებენ, რომ არის შემთხვევები, როცა ინფორმაციის შესვლის დღესვე, ან მაქსიმუმ მეორე დღეს ხდება მასზე რეაგირება და ინსპექტირების ჯგუფი სკოლის შესამოწმებლად მიდის.
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის შემთხვევაში, ინსპექტირებისთვის ჯგუფი სამინისტროში განცხადების შესვლიდან მეორე დღეს მივიდა.
ამასთან, რუსთავი 2 ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარია, რომ აღნიშნული განცხადებით სამინისტროს მიმართა მოქალაქე ლავრენტი ქირიამ. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდში, განცხადებაში მითითბულ მისამართზე ასეთი სახელის და გვარის პირი არ ცხოვრობს. დოკუმენტში არც განმცხადებლის პირადი ნომერია მითითებული, რაზეც სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ეს სავალდებულო პროცედურა არაა.
ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდის იუსტიციის სახლში მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ლავრენტი ქირიას სახელითა და გვარით რეგისტრირებული ყველა მოქალაქე წლების წინ გარდაიცვალა.
აღნიშნული გარემოებები ეჭვებს უჩენს ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგეილიას. შენგელია მიიჩნევს, რომ ეს ბერკეტი სამინისტრომ ია კერზაიას წინაარმდეგ მიზანმიმართულად გამოიყენა და გამოძიების დაწყებას ითხოვს:
“საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან (მათ შორის ჩადენილი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ), სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით, (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე)” – ამბობს გარდაცვლილის შვილი.
ია კერზაიას ოჯახი ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექციას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. 26 ნოემბერს შენგელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ “არაერთი შეთავაზების მიუხედავად, დედამისი არ გახდა “ქართული ოცნების” აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცემს მათ მომხრეების სიას და მათივე ცნობიერებით არ არის “მათიანი”. ამ დროს ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი”.
როგორც ბაჩანა შენგელიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.
ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: https://netgazeti.ge/news/327649/