ახალი ამბები

ვოლსკი: ლაშა თორდიას იმპიჩმენტის გარკვეული პირობები არსებობს

30 ივლისი, 2014 • • 940
ვოლსკი: ლაშა თორდიას იმპიჩმენტის გარკვეული პირობები არსებობს

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად ცნო. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ  პროკურატურა და სხვა დაინტერესებული უწყებებიც ვალდებული არიან რეაგირება მოახდინონ :

 

,, იმპიჩმენტის გარკვეული პირობები არსებობს, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. ასე, რომ დაველოდოთ რეაგირებას შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის პროკურატურიდან“;-განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს. 

 

აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინანსო–ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს განიხილეს.

 

პარლამენტმა დაადგინა, რომ აუდიტის სამსახურმა საქმიანობისას უნდა გაითვალისწინოს დროებითი კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციები და უზრუნველყოს მათი შესრულება. გარდა ამისა, საზოგადოების ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად პარლამენტის სხდომაზე დასკვნის განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვერგვერდზე.

 

პარლამენტმა საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს აუდიტის სამსახურის მიერ დასკვნაში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული მონიტორინგი დაავალა.

 

აუდიტის სამსახურის თავმჯდომარე ლაშა თორდია კომისიის დასკვნას არ ეთანხმება:

 

“არ ვეთანხმები ამ შენიშვნებს, იმიტომ რომ სუბიექტური შეფასებების საშუალებას იძლევა შემოწმების ის ფორმატი, რომელიც დღეს არსებობს. საქმიანობის შემოწმების არანაირი სტანდარტი და მეთოდოლოგია არ არსებობს. როდესაც მამოწმებს კომისია, სადაც არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, რომლებიც არ ვიცით რა ცოდნის და კვალიფიკაციის მქონენი არიან, რამდენად შეუძლიათ მათ სწორი შეფასება გააკეთონ? ჩვენი აქტები, რომლის ხარისხსაც კონტროლსაც ჩვენ გავდივართ შვედეთის და გერმანიის აუდიტის სამსახურთან, საიდანაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები არიან მოწვეული და როცა ამ აქტებზე საპარლამენტო კომისიის ჯგუფი ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტების არ არის, ეს ნამდვილად არ არის მისაღები”

მასალების გადაბეჭდვის წესი