ახალი ამბები

ჩვენი ვალდებულება არაა პერსონის გადამოწმება – ბატიაშვილი კერზაიას საქმეზე

7 თებერვალი, 2019 •
ჩვენი ვალდებულება არაა პერსონის გადამოწმება – ბატიაშვილი კერზაიას საქმეზე

განათლების მინისტრი  მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე პირადად იღებს პასუხისმგებლობას და არაინაირი “ოდეერი” ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა.

“ყველა იმ პროცესზე, რაც მიმდინარეობს აქ, ერთპიროვნულად ვაგებ პასუხს. ეს იყო ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ამიტომ არანაირი პასუხისმგებლობის არიდებაზე საუბარი არ არის”, – განაცხადა ბატიაშვილმა დღეს, 6 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, როგორ მოხდა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სამინისტროში შესული წერილი მინისტრმა რამდენიმე წუთში წაიკითხა, დააწერა ინსპექტირების სამსახურს და მეორე დილით მონიტორინგი უკვე ზუგდიდში იყო. მინისტრის თქმით, წერილების გადაწერა პასუხისმგებელ პირებზე ელექტრონული სისტემით, წუთებში ხდება. ბატიაშვილის თქმით, მოვლენების ქრონოლოგიას და სტატისტიკას მოგვიანებით, განათლების კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.

ბატიაშვილისთვის გაუგებარია კრიტიკა დარღვევების მიმართ სწრაფი რეაგირების თაობაზე და ამბობს, რომ პარლამენტი, პირიქით, უნდა ითხოვდეს სწრაფ რეაგირებას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ სამინისტროში შესულია მოქალაქე ლავრენტი ქირიას წერილი. ბატიაშვილი ადასტურებს, რომ უწყებას არ გადაუმოწმებია, ნამდვილად არსებობს თუ არა ეს პიროვნება.

“შემოდის წერილი,  ადამიანის სახელი და გვარი წერია. ჩვენ სანამ ამის იდენტიფიცირებას მოვახდენთ, შეიძლება გავიდეს ძალიან დიდი პერიოდი და შეიძლება, ასეთი პიროვნება იყოს ძალიან ბევრი.  ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, რომ განვახორციელოთ შესაბამისი რეაგირება. ჩვენი ვალდებულებაა არა პერსონის გადამოწმება, არამედ  ფაქტის გადამოწმება და იმ ფაქტზე რეაგირება”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ამავე თემაზე:

სამინისტრო: 4 წუთში განცხადების მიღება, ხელმოწერა და რეაგირების დაწყება შესაძლებელია

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი