ახალი ამბებისამართალი

რატომ არ ენდო უზენაესი პოლიციელების ჩვენებებს — პოლიციაში ნაცემი ადვოკატის საქმე

7 თებერვალი, 2019 •
რატომ არ ენდო უზენაესი პოლიციელების ჩვენებებს — პოლიციაში ნაცემი ადვოკატის საქმე

პოლიციის უფროსმა ადვოკატს კლიენტისთვის მიცემული რჩევის გამო სცემა. ამ საქმეზე მოწმედ დაკითხულმა პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს, თუმცა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს და ბრალდებულს მხოლოდ 10 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

ამას ამბობს უზენაესი სასამართლოს მიერ 26 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გადაწყვეტილებების საძიებო სისტემაშია გამოქვეყნებული.

უზენაესის საკასაციო კოლეგია მიუთითებს გაუმართაობებზე, რაც საქმის მიმდინარეობას სდევდა თან. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამ საქმის მიმდინარეობაში ისაა, რომ  მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო, თუმცა ამას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს.

საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ პოლიციის უფროსი 5 წლით გაამწესა ციხეში.

ადვოკატის ცემის საქმის დეტალები

საუბარია გახმაურებულ საქმეზე — ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაზე. საქმის დეტალები, ბოლო ინსტანციის სასამართლოს თანახმად, ასეთია:

ადვოკატი გიორგი მდინარაძე 2015 წლის 8 ნოემბერს, ღამის ოთხი საათისთვის ვაკის პოლიციის მე-5 სამმართველოში მივიდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთან. ადვოკატმა მას ურჩია, დუმილის უფლება გამოეყენებინა, რის გამოც განყოფილების უფროსმა ლაშა კვირკვაიამ სცემა მას. მანვე გასცა ადვოკატის დმინისტრციული წესით დვების ბრძნება, რისი საფუძველიც სინამდვილეში არ არსებობდა.

თავიდან კვირკვაიას ბრალი წაყენებული ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ოღონდ ძალადობის გამოყენებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, მუხლი გადააკვალიფიცირა და უბრალოდ უფლებამოსილების გადამატებაში მოედავა მას. თუკი პირველი ბრალდება 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მეორის მაქსიმუმი მხოლოდ 3 წელი იყო.

თუმცა საქალაქო სასამართლომ კვირკვაია ციხეში საერთოდ არ გაამწესა —  [წინასწარ] პატიმრობაში ყოფნის ვადის  გათვალისწინებით, მას სასჯელად დაეკისრა 10 000-ლარიანი ჯარიმა. მეტიც, იგი გათავისუფლდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელისაგან.

სააპელაციო (ანუ მეორე ინსტანციის) სასამართლომ, 2018 წლის 12 მარტის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. საბოლოოდ, საქმე პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

უზენაესის საკასაციო პალატამ პირველი ორი ინსტანციისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და განაჩენში გააკრიტიკა ისინი. 

“პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები”

პოლიციის განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დანაშაულს არ აღიარებდა და გამართლებას ითხოვდა იმ არგუმენტით, თითქოს ადვოკატი განყოფილებაში იმ დროს მყოფ სხვა პოლიელებს “თავშეუკავებლად და აგრესიულად ექცეოდა”. ის აცხადებდა, ადვოკატი გვემუქრებოდა, გამომძიებელსა და მე ყური აგვიწია და კიდევ ორ პოლიციელს სცემაო.

კითხვაზე, მაშ, რატომ ჰქონდა ადვოკატს დაზიანებები სხეულზე, დაცვის მხარე ირწმუნებოდა, რომ იგი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ჯერ დაეცა და თავი იატაკს დაარტყა, შემდეგ კი, ერთ-ერთ ოთახში შეყვანისას, კარის ჩარჩოს შეეჯახა.

ამ მტკიცებაში დაცვის მხარე მოწმეების, პოლიციის იმავე განყოფილების თანამშრომლების ჩვენებებს ეყრდნობოდა. თუმცა, როგორც უზენაესი სასამართლო მიუთითებს, ამ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობები არსებობს. მაგალითად:

პირველი პოლიციელის თანახმად, დაკავებისას ადვოკატი პოლიციელებს უწევდა წინააღმდეგობას, “ხელ–ფეხს იქნევდა” და ამ დროს მიარტყა სახე კარის ერთ–ერთ ჩარჩოს, დაეჯახა მაგიდას და წაიქცა იქვე, მეორე პოლიციელის კაბინეტის შესასვლელთან.

ამ ჩვენების საწინააღმდეგოდ, პირველი გამომძიებელი ამბობდა, რომ დაკავებისა და წინააღმდეგობის გაწევისას ადვოკატმა შემთხვევით კი არ მიარტყა თავი კარის ჩარჩოს, არამედ მიზანმიმართულად დაარტყა თავი.

მეორე გამომძიებელი ამ ორივესგან განსხვავებულად აღწერს იმავე გარემოებას: ადვოკატი მეორე პოლიციელის კაბინეტში შეყვანის მცდელობისას სახით მიეჯახა კარის ჩარჩოს, თან ცდილობდა კარს არ მოშორებოდა, ჩარჩოს სახეს აჭერდა და შემდეგ კარის ჩარჩოსთან ერთად დავარდა ძირსო.

მესამე პოლიციელი აცხადებდა, მე და მეორე გამომძიებელი ადვოკატს როცა ვაკავებდით, ის წინააღმდეგობას გვიწევდა; კაბინეტში შეყვანის დროს კარის ჩარჩოს სახით აწვებოდა და მაშინ მიიღო დაზიანებები, ამის შემდეგ კი მე და მეორე გამომძიებელი ადვოკატთან ერთად წავიქეცით იატაკზე, თუმცა მაინც მოვახერხეთ მისთვის ბორკილების დადებაო.

მეორე პოლიციელი იმასაც ამბობდა, რომ კაბინეტში შესულმა დაინახა, როგორ ეჭიდავებოდნენ ძირს მწოლიარე ადვოკატს ინსპექტორ-გამომძიებელი და მეორე გამომძიებელი, ადვოკატი კი ყვიროდა და აგინებდა პოლიციელებს. მეორე პოლიციელის თქმითვე, მან სხვებისგან შეიტყო, რომ მის კაბინეტში შეყვანისას ადვოკატი კარს მიეჯახა.

თუმცა, მისგან განსხვავებით, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პოლიციელები აცხადებდნენ, სხვა თანამშრომლებისგან შევიტყვეთ, რომ ადვოკატმა წინააღმდეგობას გაწევისას მიიყენა თვითდაზიანებაო.

საერთო ჯამში, უზენაესი სასამართლო ამბობს, რომ მოწმე პოლიციელების როგორც პირდაპირი, ისე ირიბ ჩვენებებს შორის არსებობს “აშკარა და არსებითი წინააღმდეგობა”:

ზოგი ამბობს, რომ ადვოკატმა შემთხვევით დაჯახებისას მიიღო დაზიანება, ზოგიერთი კი ამბობს, რომ მან თვითდაზიანებები მიიყენა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ მოწმეების ჩვენებები არ იყო დამაჯერებელი არა მხოლოდ ამ მიზეზის, არამედ იმის გამოც, რომ მათ საქმეში არსებული სხვა ობიექტური მტკიცებულებებიც აბათილებდა.

საბოლოო გადაწყვეტილება

განყოფილების უფროსის, ლაშა კვირკვაიასა და მოწმეების ვერსიას ეწინააღმდეგება კიდევ ერთი მოწმის (ბრალდების მოწმის, ინიციალებით დ.ბ.) ჩვენება. ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ უშუალოდ შეესწრო პოლიციის უფროსის ადვოკატზე ძალადობას. უფრო ზუსტად, ის ამბობს, რომ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ პოლიციის უფროსმა კვირკვაიამ ხელი ჰკრა ადვოკატ მდინარაძეს “სახესა თუ მკერდში, შეათრია ოთახში”. მის თანახმად, ამ დროს დაიყვირეს – “ხელბორკილები მოიტანეთო”.

ბრალდების მოწმის თანახმად, ვინაიდან ოთახის კარი ოდნავ ღია იყო, მას ესმოდა ხელის დარტყმის ხმა, ასევე, მდინარაძის ხმა: “ადვოკატი ვარ, ნუ მირტყამთ”.

უზენაესის თანახმად, ამ ჩვენებით ირკვევა, რომ “კვირკვაიას უკანონო ძალადობა მდინარაძის მიმართ ჯერ კიდევ კაბინეტის გარეთ დაიწყო, რაც უწყვეტად გაგრძელდა ჯერ კაბინეტის კარამდე, ხოლო შემდეგ – კაბინეტში”.

ხოლო ის, თუ როგორც გაგრძელდა პროცესები, ამას უკვე აზუსტებს თვითონ დაზარალებული ადვოკატის, როგორც უზენაესმა შეაფასა, “თანმიმდევრული და დეტალური ჩვენება, რომელშიც აღნიშნავს, რომ კაბინეტში ძალის გამოყენებით შეთრევის შემდეგ, მას წაართვეს მობილური ტელეფონი, რომლითაც ის ცდილობდა თავის მეუღლესთან დარეკვას”. ხელებზე ბორკილები დადების შემდეგ სკამზე დასვეს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა “სახეში ჯერ თავი ჩაარტყა, შემდეგ ხელი, რის გამოც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ამის შემდეგ კვლავ გამეტებით დაარტყა სახეში ხელი, რის გამოც მან თავი გაიქნია და სისხლი კედელს შეესხა”.

უზენაესი სასამართლოს თანახმად, მოწმედ მოყვანილი პოლიციელების ვერსიებს აბათილებს ასევე 2015 წლის 11 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამ დროს აღებულ ნიმუშებზე ჩატარებული ბიოლოგიური  (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტების მიხედვით, არც კარის ჩარჩოსა და არც კაბინეტის იატაკზე ადვოკატის სისხლის არავითარი კვალი არ აღმოჩნდა, ეს მაშინ, როდესაც პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, ადვოკატმა თავი თვითონ დაარტყა თუ შემთხვევით მიარტყა  კაბინეტის კარის ჩარჩოს, თანაც ისე ძლიერ, რომ სახე სერიოზულად დაუზიანდა სისხლნაჟღენთების სახით.

საბოლოოდ, საკასაციო პალატამ პოლიციის უფროსს სასჯელად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებმა, გიორგი შავლიაშვილმა (თავმჯდომარე), პაატა სილაგაძემ და პაატა ქათამაძემ.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი