ახალი ამბები

2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებში 116 პირი ვამხილეთ – შსს

6 თებერვალი, 2019 • 886
2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებში 116 პირი ვამხილეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, შსს-ს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს.

აქედან 4 მხილებული იყო გაუპატიურების ჩადენაში (სსკ-ის 137-ე მუხლი), 2 – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 138-ე მუხლი), 24 – გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი) და 86 – 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში (სსკ-ის 140-ე მუხლი).

“არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვან მსხვერპლთა ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდელბლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ. აეკრძალებათ.

კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც თებერვლიდან პილოტურად ამოქმედდება და რომლის მიზანია გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი