ახალი ამბები

სურსათში ტყვიის დასაშვები ნორმის გადაჭარბება 22 პროდუქტში გამოვლინდა

5 თებერვალი, 2019 • 1636
სურსათში ტყვიის დასაშვები ნორმის გადაჭარბება 22 პროდუქტში გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვლევის ფარგლებში სურსათის 1176 ნიმუშიდან ტყვიის ნორმასთან შეუსაბამობა 23 შემთხვევაში გამოავლინა. შესაბამისი კვლევა სააგენტომ 2018 წლის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.

2018 წლის კვლევის ფარლებში ლაბორატორიულად შემოწმდა რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების – 335, თევზის და თევზის პროდუქტების – 47, კვერცხის – 68, ბავშვთა კვების პროდუქტების – 48, სუნელ-სანელებლების – 137, თაფლის – 11, სასმელების – 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში.

სააგენტოს განცხადებით, 1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს.

კვლევის შედეგების მიხედვით, ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში (2017 წელს სუნელ-სანელებლებში 33 დარღვევა დაფიქსირდა) და დარღვევის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურებს და პროდუქციის ამოღებაზე ზედამხედველობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა).

სრულად კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი