ახალი ამბები

საგანელიძის ხელფასი 2018 წელსაც შემცირდა და თვეში საშუალოდ 24 500 ლარი შეადგინა

5 თებერვალი, 2019 •
საგანელიძის ხელფასი 2018 წელსაც შემცირდა და თვეში საშუალოდ 24 500 ლარი შეადგინა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელის დირექტორის ხელფასი 2018 წელს 294 000 ლარი იყო, რაც თვეში საშუალოდ 24 500 ლარია.

ეს ნიშნავს, რომ საგანელიძის ხელფასი შემცირებულია. მან 2017 წელს ხელფასის სახით 336 000 ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 28 000 ლარი). 2016 წელს მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი 33 687 ლარი იყო.

სესხების მომსახურებაზე საგანელიძემ 2018 წელს 50 265 ლარი და თითქმის 79 ათასი დოლარი დახარჯა.

საშემოსავლო გადასახადის სახით 58 800 ლარი გადაიხადა, ქონების გადასახადის სახით- 6356 ლარი, დაზღვევაში- 4500 ლარი, ხოლო ქველმოქმედებაში – 90 500 ლარი.

ნაღდი ფულის სახით საგანელიძეს 2018 წელს 39 ათასი ლარი და 35 ათასი დოლარი ჰქონდა.

სს „საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა.

ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი “BB“, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

„საპარტნიორო ფონდი” შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.). ფონდის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ფონდის მმართველობის ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი ორგანო და საინვესტიციო საბჭო.

სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს მთავრობის წევრები და კერძო სექტორიდან მოწვეული პირები.

დავით საგანელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელფასის ოდენობას სწორედ სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი