სამშაბათს რ2-ის ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ყოფილ დეკან გიორგი ქადაგიძესა და უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას შორის დებატები გაიმართება.
დებატებზე გიორგი ქადაგიძე და გიგა ზედანია არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიიწვია საჯაროდ, რაზეც ორივე მათგანმა თანხმობა დააფიქსირა.
“გაძლევთ შესაძლებლობას, საჯაროდ აგვიხსნათ, რა ხდება, სადაა სიმართლე და ვისი პოზიციაა სწორი. დებატებზე არმოსვლა უკიდურესად უცნაური იქნება და საკითხის საჯაროდ განხილვაზე უარად განიხილება. თუმცა არმოსვლაც პასუხია და თუ რა პასუხი, მაყურებელი გადაწყვეტს. ერთ-ერთი მხარის არმოსვლის შემთხვევაში, მოსულ მხარეს დაეთმობა დრო საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. მეორე მხარის პრეტენზია ცალმხრივობაზე, ცხადია, აღარ მიიღება”, – დაწერა გვარამიამ ფეისბუკზე.
დებატები სამშაბათს, 22 საათზე, შედგება გადაცემა არჩევანში.
31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.
ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.
მიმდინარე დღეებში ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში ის აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.
დღეს, 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი საბჭო აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ მოითხოვა იმ პრობლემათა გამო, რომელთა მოგვარებაც მის კომპეტენციას სცილდება.
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის გაუქმების შეწყვეტისა და მისი დეკანის, გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, მანიფესტი შეიქმნა. მანიფესტით, რომელსაც ამ დროისთვის 5000 ხელმოწერა აქვს, საინიციატოვო გუნდი ითხოვს, შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც სკოლა უქმდება.
ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგება ბიზნესსკოლის გაერთიანებას ახალ ფაკულტეტში, იმ ფონზე, როცა აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ დეკანის შესარჩევ კონკურსში მასაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, გიორგი ქადაგიძე აცხადებს:
“ნებისმიერი რეორგანიზაცია შემოთავაზებული პრინციპით არის ფარსი. არ შეიძლება მსგავსი ტიპის რეორგანიზაციები გაკეთდეს ისე, რომ მთავარი, ვისაც ეხება ცვლილება, სტუდენტებს, არ ჰქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია. არ შეიძლება წარმომადგენლობითი საბჭო სკოლის წლიურ ბიუჯეტს ამტკიცებდეს ისე, რომ საბჭოს არცერთ წევრს ბიუჯეტი წინაწარ ნანახიც არ ჰქონდეს.”