ახალი ამბები

“შიდა წრეში აღიარება” – ქორეპისკოპოსის პირობა მამალაძის შეწყალების მხარდაჭერისთვის

4 თებერვალი, 2019 •
“შიდა წრეში აღიარება” – ქორეპისკოპოსის პირობა მამალაძის შეწყალების მხარდაჭერისთვის

ილია მეორის ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, მზადაა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეყწალებას მხარი დაუჭიროს, თუ ის “შიდა წრეში აღიარებს”, რას აკეთებდა. ამის შესახებ მან “რუსთავი2”-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს ისაუბრა.

“თუ აღაირებს იმას, რასაც აკეთებდნენ, მაშინ აუცილებლად, შეწყალების ერთ-ერთი ის[მომხრე] მეც ვიქნები… შიდა წრეში აღიაროს, რას აკეთებდნენ”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, თავად დეკანოზთან საპატიმროში შესვლა არ სურს, რადგან შემდგომ ბრალდებებს ერიდება.

“რომ შევიდე, მერე  რამეს დამაბრალებენ. შესული არ ვყოფილვარ, მეუფე  პეტრე გამოვიდა, თითქოს ორჯერ შესული ვიყავი და, მაპატიეთ და, ვაკაჩავებდი. მე რომ შევსულიყავი, ყველაფერს პირდაპირ ილაპარაკებდა”, – თქვა მან.

რაც შეეხება დეკანოზის ზიარების საკითხს, ქორეპისკოპოსის თქმით, ეს საკითხი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ უნდა გადაწყვიტოს.

დღეს, 4 თებერვალს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან კარვები გაშალეს.

დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, კარავში მამალაძის ოჯახის წევრები დარჩებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მისივე ცნობით, აქცია 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. ოჯახი დეკანოზ მამალაძის ზიარებას ითხოვს.


გიორგი მამალაძის შეწყალებაზე მიმდინარე წლის 5 იანვარს დმანისი-ტაშირისა და ბრიტანეთ-ირლანდიის მიტროპილიტმა, მეუფე ზენონმა ისაუბრა.

“ჩემი სინდისის ხმით ვაცხადებ: ვფიქრობ, დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალება, ეკლესიაში და ზოგადად საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას”,  – წერდა ის სოციალურ ქსელში.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი