ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ყოფილი დეკანი გიორგი ქადაგიძე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რეორგანიზაციის გასაუქმებლად 24 საათს აძლევს. სწორედ რეორგანიზაციის საფუძველზე ბიზნესსკოლა ახალი ფაკულტეტის ნაწილი გახდა, ხოლო დეკანის თანამდებობა გაუქმდა.
მოთხოვნებზე ქადაგიძემ დღეს, 4 თებერვალს, უნივერსიტეტში სტუდენტებთან მიმდინარე შეხვედრაზე ისაუბრა.
რეორგანიზაციის შეწყვეტის გარდა, ის უნივერსიტეტის ფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს. ქადაგიძის თქმით, სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, რაში იხარჯება მათი ფინანსები.
კიდევ ერთი მოთხოვნა რეფორმების ჯგუფის შექმნაა, რომელიც სტუდენტების პრობლემებს შეისწავლის. ბოლო მოთხოვნა კი ბიზნესსკოლაში ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა შერჩევას გულისხმობს.
“ეს პირველ რიგში, სტუდენტების მოთხოვნებია. ჩვენი მოთხოვნები უბრალოდ საღი აზრია. იმედი მაქვს, ყველა მათგანი დაკმაყოფილდება. არ მინდა ულტიმატუმისა და შანტაჟის ენით ლაპარაკი. მე მინდა, განხორციელდეს რეფორმები, რომლებიც შედეგს დადებს. 24 საათი მივეცით იმიტომ, რომ ზუსტად ამ ვადაში მოხდა რეორგანიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება”,-აცხადებს ქადაგიძე.
მას არ დაუკონკრეტებია, რას მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია მოთხოვნას არ შეასრულებს.
31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.
ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.
მიმდინარე დღეებში ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში ის აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.
დღეს, 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი საბჭო აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ მოითხოვა იმ პრობლემათა გამო, რომელთა მოგვარებაც მის კომპეტენციას სცილდება.
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის გაუქმების შეწყვეტისა და მისი დეკანის, გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, მანიფესტი შეიქმნა. მანიფესტით, რომელსაც ამ დროისთვის 5000 ხელმოწერა აქვს, საინიციატოვო გუნდი ითხოვს, შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც სკოლა უქმდება.
ნეტგაზეთის კითხვაზე რატომ ეწინააღმდეგება ბიზნეს სკოლის გაერთიანებას ახალ ფაკულტეტში, იმ ფონზე როცა აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ დეკანის შესარჩევ კონკურსში მასაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.
“ნებისმიერი რეორგანიზაცია შემოთავაზებული პრინციპით არის ფარსი. არ შეიძლება მსგავსი ტიპის რეორგანიზაციები გაკეთდეს ისე, რომ მთავარი ვისაც ეხება ცვლილება სტუდენტებს, არ ჰქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია. არ შეიძლება წარმომადგენლობითი საბჭო სკოლის წლიურ ბიუჯეტს ამტკიცებდეს ისე, რომ საბჭოს არცერთ წევრს ბიუჯეტი წინაწარ ნანახიც არ ჰქონეს,”-აცხადებს ქადაგიძე.