ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

რელიგიური ორგანიზაციების შესახებ სპეციალური კანონის შემუშავებას ეწინააღმდეგებიან

1 თებერვალი, 2019 • 4292
რელიგიური ორგანიზაციების შესახებ სპეციალური კანონის შემუშავებას ეწინააღმდეგებიან

რელიგიათა საბჭოში შემავალი 20 ორგანიზაცია ეწინააღმდეგება რელიგიური ორგანიზაციების შესახებ სპეციალური კანონის შემუშავებას და პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავენ.

გთავაზობთ მიმართვას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭომ დღეს გაავრცელა:


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ირაკლი კობახიძეს,

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქ-ნ სოფიო კილაძეს,

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ მამუკა ბახტაძეს,

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო დადებითი მოლოდინით შეხვდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივას რელიგიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ,  წარმოდგენილი ფორმატი ხელსაყრელი მექანიზმი გახდება რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის პრინციპების დაცვისა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად.

რელიგიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან ერთად, როგორც ამ ჯგუფის ფარგლებში, ისე მის მიღმა,  განიხილება რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების ან არსებულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის საკითხები.

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ არაერთი შეხვედრა მიუძღვნა მოცემულ საკითხებზე მსჯელობას და ფართო დისკუსიის შედეგად  მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გვსურს წარმოვადგინოთ ჩვენი საერთო პოზიცია:

  1.  მიგვაჩნია, რომ  რელიგიური ორგანიზაციების შესახებ სპეციალური კანონის შემუშავება დღის წესრიგში არ უნდა დადგეს და ამდენად, კანონის მიღების შესაძლებლობასაც რელიგიათა საბჭო (ხელმომწერი ორგანიზაციები) არ მივესალმებით.

უპირველეს ყოვლისა, პრობლემატურია რელიგიისა და რელიგიური ორგანიზაციის  დეფინიციის კანონმდებლობაში გაჩენის საკითხი. რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების რაობის განსაზღვრა არ უნდა შედიოდეს სახელმწიფოს პრეროგატივაში.

გარდა ამისა, კანონი შეიძლება  შეიცავდეს მაღალ რისკს, იერარქიზაცია მოახდინოს და დაახარისხოს რელიგიური გაერთიანებები, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები და ბარიერები როგორც რეგისტრაციასთან, ისე რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

როდესაც საუბარია სპეციალური კანონის მიღებაზე, ხშირად მაგალითად მოჰყავთ დასავლური ქვეყნების გამოცდილება. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გამოცდილება არ არის ერთგვაროვანი, – ყველა ქვეყანაში რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალურ კანონმდებლობას სრულიად განსხვავებული და მრავალფეროვანი ისტორია და რეალობა განაპირობებს. ამდენად, საქართველოს შემთხვევაში, ამ არგუმენტის გამოყენება არარელევანტურად მიგვაჩნია. მით უფრო, რომ არაერთ დასავლურ სახელმწიფოში რელიგიური გაერთიანებების კანონი საერთოდ არ არსებობს და ეს ქვეყნები  რელიგიის თავისუფლების და თანასწორუფლებიანობის დაცვის მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან.

ამავდროულად, ზოგიერთი ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნეგატიურ გამოცდილებაზე, რამდენადაც, რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონი ამ ქვეყნებში იქცა რელიგიის თავისუფლების, რელიგიური ორგანიზაციების შეზღუდვისა და დევნის საშუალებად.

ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს,  რომ მიუხედავად ამა თუ იმ კანონში შემორჩენილი დისკრიმინაციული ნორმებისა (რომელთა აღმოფხვრა აუცილებელია), საქართველოში რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული სისტემური თუ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა, უმეტესწილად, პოლიტიკურ ნებასთანაა დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლების მხრიდან რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის გასაუმჯობესებლად  გამოხატული იქნება შესაბამისი ინიციატივები, ისინი უკვე მოქმედ სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანისკენ უნდა იყოს მიმართული.

  1. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა, რელიგიური გაერთიანებებისა და შესაბამის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით, უნდა იმსჯელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ  2018 წლის 3 ივლისს მიღებული ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების აღსრულებაზე – შეიტანოს ცვლილებები 1) საქართველოს საგადასახადო კოდექსში, 2) სახელმწიფო ქონების კანონში და უზრუნველყოს რელიგიური გაერთიანებებისთვის თანაბარი პირობები.
  2. რელიგიათა საბჭომ 2017 წელს სახელმწიფო უწყებებისადმი  რეკომენდაციების ნუსხა შეიმუშავა, რომელშიც აღწერილია რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული ყველა ძირითადი პრობლემა და მათი გადაჭრის გზები.

რამდენადაც მეტად სასურველია მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს საკანონმდებლო ხარვეზებისა და უთანასწორობის აღმოფხვრის მიმართულებით, უმჯობესი და ხელსაყრელი იქნება, რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები სახელმძღვანელო დოკუმენტად იყოს გამოყენებული ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობისას.

ყოველივე ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული და გათვალისწინებული იყოს საქართველოს სახალხო დამცველისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები საქართველოში რელიგიის თავისუფლების, რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვისა და ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესების კუთხით.

ვიმედოვნებთ, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ყურადღებით მოეკიდება რელიგიათა საბჭოს განცხადებაში წამოწეულ საკითხებს და დაწყებული საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესი რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის თვალსაზრისით არსებული რეალობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი ორგანიზაციები:

  1. კათოლიკე ეკლესია საქართველოში
  2. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში
  3. სახარების რწმენის ეკლესია
  4. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  5. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  6. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  7. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  8. ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველო
  9. ხსნის არმია
  10. საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია
  11. ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში
  12. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  13. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  14. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  15. ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
  16. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  17. კრიშნას ცნობიერების საზოგადოება – თბილისის ვედური კულტურის ცენტრი
  18. მეგობართა რელიგიური საზოგადოება – კვაკერები
  19. მეშვიდე დღის ქრისტიანადვენტისტთა ეკლესია
  20. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი