ახალი ამბები

პუტინი უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დაცვას გეგმავს

1 თებერვალი, 2019 •
პუტინი უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დაცვას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს  და ამბობს, რომ იტოვებს რეაგირების უფლებას  “რწმენის თავისუფლების დასაცავად”.

“საეკლესიო საქმეებში ნებისმიერ ჩარევას რუსეთის სახელმწიფო, ხელისუფლება აბსოლუტურად დაუშვებლად მიიჩნევს. ჩვენ პატივს ვცემდით და მომავალშიც პატივს ვცემთ საეკლესიო ცხოვრების და, მით უმეტეს, მეზობელი სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამის მიუხედავად, უფლებას ვიტოვებთ გვქონდეს რეაგირება და ყველაფერი გავაკეთოთ ადამიანის უფლებების, მათ შორის რწმენის თავისუფლების დასაცავად”, – განაცხადა პუტინმა პირველ თებერვალს.

ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილის ინტრონიზაციიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გააკეთა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ჯერჯერობით უცნობია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია.


დღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი დაემუქრა  საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას:

“მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქატის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფეების უმეტესობა ის ხალხია, რომელსაც კარგად ესმის რეალური ეკლესიური სინამდვილე და ესმით, რა ემუქრება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ზენონი ალფეევს ასე გამოეხმაურა:

“ვთქვი რა ჩემი პოზიცია, სადაც კანონიკური სამართლის მიხედვით კანონიკურად მივიჩნიე მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალური გადაწყვეტილება უკრაინაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსების შესახებ, ამ განცხადების ერთ-ერთ ადრესატად ლოგიკურია, რომ მივიჩნიე საკუთარი თავი. ნებისმიერი მუქარის შემომთვლელის, შიდაარეულობის მოსურნე განმცხადებლის მისამართით მოვიხმობ წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით”.


მოკლედ:

  • 2019 წლის 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი  მოაწერა.
  • 4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომლის გადაწყვეტილებასაც სახელმწიფო ელის, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.
  •  ტომოსის გაფორმების შემდეგ უკრაინას ავტოკეფალია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა ღირსია, ჰქონდეს ავტოკეფალია საუკუნეების მანძილზე ბრძოლის შემდეგ.
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინისათვის მილოცვის თავის შეკავებას სამწუხარო უწოდა.
  • ტომოსის გაფორმებამდე, სინოდის წევრმა არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აქვს უფლება, ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ეწინააღმდეგება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
  • 30 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინოპოლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ჩამოსვლის მიზანი ქართულ მხარესთან საუბარი იყო და არა რაიმე აზრის თავს მოხვევა. ილია მეორის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ კი აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლი “გაგებით ეკიდება” საქართველოს ეკლესიის “აუჩქარებლობას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი