ახალი ამბები

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს

13 იანვარი, 2019 • 2116
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს.

ამ დრომდე არც საქართველოს საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ თავიანთი პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.

“მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნეებია, იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს”, – ამ შინაარსის მიმართვა გამოაქვეყნა 13 იანვარს ფეისბუკზე პროფილმა სახელად “შემოქმედის ეპარქია”, რომელსაც მიტროპოლიტი იოსები ხელმძღვანელობს.

რამდენიმე დღის წინ საკუთარი პოზიცია საჯარო დაწერა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ, რომლის თანახმადაც “ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია”.

თავისი პოზიცია ფეისბუკზე დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 11 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ ულოცავს უკრაიანას ავტოკეფალიის მინიჭებას.


  • უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე ჯერჯერობით დუმს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, იმის მიუხედავად, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
  • 11 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინელ ხალხს არ ულოცავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. ამ თემაზე დასმულ კითხვას არ უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.
  • აშშ-მა უკრაინელ ხალხს 10 იანვარს მიულოცა.
  • 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი  მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.
  • 4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი