მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ღიად მიანიშნებს საფრთხეებზე, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში დაემუქრება. შესაბამისი განცხადება მან რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს გაახმიანა.
ჟურნალისტმა ალფეევს ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე ჰკითხა, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, რუსეთი აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ცნობს.
მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს ეკლესიის მხრიდან, ვინაიდან “მეუფეების უმეტესობას” კარგად ესმის, “რით დაემუქრება” მას ასეთი გადაწყვეტილება.
“მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქატის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფეების უმეტესობა ის ხალხია, რომელსაც კარგად ესმის რეალური ეკლესიური სინამდვილე და ესმით, რა ემუქრება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
იქ ასევე არის რამდენიმე ახალგაზრდა მეუფეც, ძირითადად, ეს ის მეუფეები არიან, რომლებიც იმყოფებიან ღია ან ირიბ ოპოზიციაში ამჟამინდელ პატრიარქთან, რომლებიც მოუწოდებენ აღიაროს ეს ე.წ. ავტოკეფალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება”, – თქვა მან.
ალფეევი ასევე ხაზს უსვამს გარემოებებს, თუ რატომ არის მცირე საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შანსი, მისი აზრით. მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ კრეტის კრებაზე რუსეთის ეკლესიის წაუსვლელობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საქართველოსადმი სოლიდარობა იყო. ის ასევე ადარებს კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოების დიპტიქებს და აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელში საქართველოს ეკლესიას უფრო მოწინავე პოზიცია უკავია.
“საქართველოს ეკლესიამ თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, არ წასულიყო კრეტის კრებაზე და ჩვენ მივიღეთ ჩვენი გადაწყვეტილება – ასევე არ წავსულიყავით, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სოლიდარობის მიზეზით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ მართლმადიდებელ დიპტიქებში მას მეექვსე ადგილი უნდა ეკავოს და ჩვენ მას ამაში მხარს ვუჭერთ. ჩვენს დიპტიქშიც მას მეექვსე ადგილი უკავია და ახლა, როდესაც ჩვენი დიპტიქიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ამოღებულია, ფაქტობრივად, მას მეხუთე ადგილი უკავია. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დიპტიქში კი მას მეცხრე ადგილი უკავია და არავინ აპირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან იმ ადგილის გადახედვას, რომელიც მას [ საქართველოს საპატრიარქოს] გამოუყვეს.
ამ ყველა ფაქტის ერთობლიობა ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ოდესმე მოექცეს იმ ახალგაზრდა მეუფეთა ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც ახლა მოუწოდებენ, მიიღონ ეს გაუაზრებელი გადაწყვეტილება”, – აცხადებს ის.
ალფეევის კომენტარები მალევე გააკრიტიკეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა, მთავარეპისკოპოსმა ზენონმა და ეპისკოპოსმა დოსითეოზმა.
მთავარეპისკოპოსი ზენონი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის პოზიციას უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკურობის თაობაზე და დასძენს, რომ “ციხე შიგნიდან ტყდება”. სასულიერო პირი ფეისბუქზე წერს:
“26 იანვარს მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მიერ მიცემულმა ინტერვიუმ პირადად ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახადა ბევრი რამ, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს ეკლესიის მისამართით გაკეთებულ მუქარაზე.
აქვე დავსძენ. ნათქვამია: ციხე შიგნიდან ტყდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შეუვალი ტრადიცია იყო მტრისა და მტრულად განწყობილთა წინაშე საკუთარი ძმების ღალატის, დასმენის და ცილისწამების ჩამდენთა მოკვეთა. როგორ უნდა ვთქვა, რომ კურთხეულია ამის მოქმედი და არა წყეული, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელი სფეროს თუ სოციალური წრის წარმომადგენელი.საჯაროდ გამოვთქვი რა ჩემი პოზიცია, სადაც კანონიკური სამართლის მიხედვით კანონიკურად მივიჩნიე მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალური გადაწყვეტილება უკრაინაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსების შესახებ, ამ განცხადების ერთ-ერთ ადრესატად ლოგიკურია, რომ მივიჩნიე საკუთარი თავი. ნებისმიერი მუქარის შემომთვლელის, შიდაარეულობის მოსურნე განმცხადებლის მისამართით მოვიხმობ წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით”.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა დოსითეოზმა კი სოციალურ ქსელში ალფეევზე დაწერა:
“აეროპორტში სპეციალურმა დახვედრებმა გაათავხედა…”
მოკლედ:
2019 წლის 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.
4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომლის გადაწყვეტილებასაც სახელმწიფო ელის, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.
მანამდე, საკუთარ მოსაზრებებს სინოდის წევრები დამოუკიდებლად აფიქსირებენ. ტომოსის გაფორმების შემდეგ უკრაინას ავტოკეფალია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა ღირსია, ჰქონდეს ავტოკეფალია საუკუნეების მანძილზე ბრძოლის შემდეგ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინისათვის მილოცვის თავის შეკავებას სამწუხარო უწოდა. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა კი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინამ ცოტა უნდა მოიცადოს, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან კი აზრის დაფიქსირება არაკორექტული იქნება მანამ, სანამ თავიანთ პოზიციებს ის ეკლესიები არ დააფიქსირებენ, რომლებიც დიპტიქში საქართველოზე წინ არიან.
ტომოსის გაფორმებამდე, სინოდის წევრმა არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აქვს უფლება, ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ეწინააღმდეგება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
30 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინოპოლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ჩამოსვლის მიზანი ქართულ მხარესთან საუბარი იყო და არა რაიმე აზრის თავს მოხვევა. ილია მეორის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ კი აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლი “გაგებით ეკიდება” საქართველოს ეკლესიის “აუჩქარებლობას”.