თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი და მათ ნაცვლად ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება, რომელიც შუქნიშნებით რეგულირდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, დღესდღეობით ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია.
მერიის განცხადებით, 2019 წლის აპრილის ბოლომდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შუქნიშნებს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ქვეითთა გადასასვლელებს მოაწყობს შემდეგ ადგილებზე:
ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების, ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის, წერეთლის გამზირისა და ევდოშვილის ქუჩის, გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის, ლიახვის, ქსნის, გუდამაყრისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების გზაჯვარედინებზე.
ამასთან, წლის ბოლომდე შუქნიშნების ახალი ობიექტები დამონტაჟდება და „ზებრა- გადასასვლელები“ დაიხაზება შემდეგ მისამართებზე:
[checklist]
- ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლასთან;
- ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ;
- ცოტნე დადიანის გამზირზე, N4 საჯარო სკოლასთან;
- რობაქიძის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩების გადაკვეთასთან;
- რობაქიძის გამზირზე, მაღაზია „წითელქუდასთან“;
- მარშალ გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბთან“;
- რუსთავის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ;
- შანდორ პეტეფის ქუჩაზე, N151 საჯარო სკოლასთან;
- გურამიშვილის გამზირის N15-თან არსებულ საცხოვრებელ სახლთან;
- გორგასლის N111-თან და N111ა-სთან;
[/checklist]
ჩამოთვლილ 19-ივე ადგილზე ხიდების დემონტაჟია გათვალისწინებული.