ახალი ამბები

A კატეგორიის ტაქსის ნებართვების აქტივაცია 2024 წლის 1 აპრილამდე იქნება შესაძლებელი

22 მარტი, 2023 • 684
A კატეგორიის ტაქსის ნებართვების აქტივაცია 2024 წლის 1 აპრილამდე იქნება შესაძლებელი

თბილისის მერიის განცხადებით, პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი შევა ძალაში, შესაბამისად, დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსის ნებართვების აქტივაცია 2024 წლის პირველ აპრილამდე იქნება შესაძლებელი.

მერიის განცხადებით, პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებგვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა.

„20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა. პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას.

იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ საურავი დაეკისრება – დღეში სამი ლარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში A კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა შეეძლებათ.

„პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებული იქნება საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის, და არა მოძრაობისთვის, არ დაჯარიმდებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი