ნუგზარ წიკლაურის თქმით, ცვლილებები უნდა შეხებოდა ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტრო:
“ეს არის სახელისუფლებო კარუსელი. ფრაქციას აქვს პოზიცია, რომ მხარი არ დაუჭიროს მთავრობის ამ შემადგენლობას, რადგან პრემიერ–მინისტრმა არ წარმოადგინა შესაბამისი გეგმა იმისა, თუ როგორ გაჯანსაღდეს და გაუმჯობესდეს მთელ რიგ სფეროებში ქვეყანაში მდგომარეობა.”
იგივე აზრზეა უმცირესობის კიდევ ერთი წევრი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც ამბობს, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ყველა პარამეტრით გაირღვა და ცვლილებები სწორედ ეკონომიკურ გუნდს უნდა შეხებოდა:
“ეკონომიკური ზრდა ნაცვლად დაგეგმილი 6 პროცენტისა 3 პროცენტი იყო, საგადასახადო შემოსავლები 600 მილიონზე ლარით მეტით გაირღვა. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არაეფექტური და არაკომპეტენტურია მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ეკონომიკურ გუნდში მომხდარიყო განახლება, ჩვენ მივიღეთ ცვლილებები, არ ვიცი… თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ კულტურის ან გარემოს დაცვის მინისტრების ბრალია ის მდგომარეობა, რაც შარშან იყო და წელს არის ბიუჯეტში და ეკონომიკაში, მაშინ კი, ბატონო, მივიღებ ამ არგუმენტს.”
21 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან დაითხოვა, ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. თანამდებობა დატოვეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ, გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ. მათ შემცვლელებს ღარიბაშვილი დღეს დაასახელებს.
იურისტები თანხმდებიან, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვანი არ არის და ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, თუმცა მიზეზებზე საუბრისას, თუ რატომ შეიქმნა კაზუსური სიტუაცია, კონსტიტუციის ძველი და ახალი რედაქციის შემქმნელები ერთმანეთისკენ იშვერენ თითს.
