ახალი ამბები

“ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს ფედერაციას და ასევე ქვეყანას” – გეგეშიძე

24 იანვარი, 2019 • 4264
“ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს ფედერაციას და ასევე ქვეყანას” – გეგეშიძე

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თქმით, მისი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს არამხოლოდ ფედერაციას, არამედ მთელ ქვეყანასაც. ამის შესახებ მან დღეს, 24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნული ფრაზით გეგა გეგეშიძე ბრალდების მხარის სიტყვას გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ გეგეშიძის მიერ მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების რისკი არსებობს. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მას არასდროს გადაუმეტებია საკუთარი უფლებამოსილებებისთვის და მისი მხრიდან სპორტსმენების დაშინების საფრთხე არ არსებობს.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გეგეშიძისთვის 5000-ლარიან გირაოს და ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

“ბიჭებო, გამოდით და გვერდში დამიდექით – ასეთი რამის თქმა ჩემთვის შეურაცხმყოფელია. არავის ვაშინებ,  თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას, რომ დავაშინე. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას. ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა.  150 მედლით მეტი გაიცა შარშანწინ, ჩემი პრეზიდენტობის დროს, ვიდრე მთლიანად ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი შედეგები უფრო გაუმჯობესდა.

მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს ფედერაციას და  ასევე ქვეყანას“, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე.

გეგეშიძე, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს, სასამართლომ დღეს 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 12 მარტისთვის ჩაინიშნა

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გეგეშიძისთვის 5000-ლარიან გირაოს და ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ გირაოს ნაწილი დააკმაყოფილა.

გეგეშიძე შსს-მ 22 იანვარს დააკავა. გამოძიება მას სპორტის სასახლეში ძალადობას ედავება.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრნატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გეგეშიძე წარდგენილ ბრალს არ იზიარებს.

ამავე თემაზე:

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინა ჩამარტყა – მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი