ახალი ამბები

ილია II-მ გეგა გეგეშიძე, ჭიდაობის ფედერაცია და ნაკრები დალოცა

1 აპრილი, 2019 • 3586
ილია II-მ გეგა გეგეშიძე, ჭიდაობის ფედერაცია და ნაკრები დალოცა

31 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და ნაკრების წევრები დალოცა. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

დღეს ჩვენთან დასალოცად მობრძანებულები არიან და ილოცება საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, ჭიდაობის ეროვნული ნაკრები და მისი პრეზიდენტი ბ-ნი გეგა გეგეშიძე. დალოცვილი და გამარჯვებული იყავით”, – ციტირებს საპატრიარქოს საიტი ილია მეორის სიტყვებს.

22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ სპორტის სასახლეში ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას დროებითი ღონისძიების სახით, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5- ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის გადადგომას თვეებია ითხოვს, თუმცა ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელები და მოჭიდავეთა ნაწილი მის თანამდებობაზე დარჩენას მიესალმება. ზურაბ დათუნაშვილი არ აპირებს ნაკრების სახელით ჭიდოაბას, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტია. სპორტსმენი ნაკრებიდან გათავისუფლებას და სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლებას ითხოვს, თუმცა, როგორც ამბობს, მას არც ამ მოთხოვნას უკმაყოფილებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი