ახალი ამბები

“ამას არ დაგივიწყებთ!” – ვენესუელელების მადლობა საქართველოს “ტვიტერზე”

24 იანვარი, 2019 • 4267
“ამას არ დაგივიწყებთ!” – ვენესუელელების მადლობა საქართველოს “ტვიტერზე”

ვენესუელელები და სხვები, რომლებიც ნიკოლას მადუროს მმართველობას ეწინააღმდეგებიან, საქართველოს მხარდაჭერისა და ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებისათვის მადლობას უხდიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების ქვეშ, რომელიც მან “ტვიტერზე” გაავრცელა, არაერთი კომენტარი დაიწერა, რომლებითაც ვენესუელელები თბილისის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. ზოგიერთი მათგანი კი ხაზს უსვამს, რომ წინააღმდეგნი არიან მადუროს ხელისუფლების პირობებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიათა დამოუკიდებლობის აღიარებისა.

კომენტარების ველში ვკითხულობთ:

“გმადლობ, საქართველო, თქვენი მხარდაჭერისათვის ვენესუელელი ხალხის ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაბრუნებლად. ამას არ დაგივიწყებთ”

“ვენესუელელი ხალხის სახელით, დიდი მადლობა! ჩვენი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება საქართველოს სუვერენიტეტის აღიარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით და მათი საელჩოების გაშვება ქვეყნიდან!”

“გმადლობ, საქართველო. ჩვენ, ვენესუელელები, არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთს!”

“მადლობა საქართველოს ვენესუელელებისაგან. ეს ერთი ბრძოლის ნაწილია კარიბიდან კავკასიამდე, პუტინის რუსული ზეწოლისა და არალიბერალური, ანტიდემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ”.

“დიდი მადლობა დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენის მხარდაჭერისათვის. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს კომუნისტური დიქტატურის ქვეშ ცხოვრება. ვხედავდი, როგორ იბრძოდით საბჭოთა კავშირისაგან თავისუფლების მოსაპოვებლად. მამაცი ხალხი ხართ!”

საქართველომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამთენიისას აღიარა. მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც იმედოვნებს, რომ ვენესუელაში პროცესები მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით წარიმართება.


ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23 იანვარს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი