ახალი ამბები

საქართველო მზადაა ვენესუელის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან საურთიერთოდ – საგარეო

24 იანვარი, 2019 • 1482
საქართველო მზადაა ვენესუელის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან საურთიერთოდ – საგარეო

“საქართველო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას”, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს, 24 იანვარს გაავრცელა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამთენიისას ტვიტერზე დაწერა, რომ  ვენესუელის ოპოზიციის ლიდერსა და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს საქართველო დროებით პრეზიდენტად აღიარებს.  ახლა კი სამინისტრო შედარებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს და იმედოვნებს, რომ ვენესუელაში პროცესები მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით წარიმართება.

“საქართველო სრულად უჭერს მხარს ხუან გუაიდოს ძალისხმევას, შექმნას გარდამავალი მთავრობა და ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, კანონის უზენაესობის აღდგენასა და ადამიანის უფლებების დაცვას. საქართველო იმედოვნებს, რომ ვენესუელაში პროცესები წარიმართება მშვიდობიანად, ქვეყნის კონსტიტუციის სრული დაცვით და ვენესუელელ ხალხს მიეცემა სამართლიან და თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა”, – აცხადებს უწყება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე იმედოვნებს, რომ ვენესუელის “ლეგიტიმური ხელისუფლება მტკიცედ დაუჭერს მხარს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პატივისცემის თაობაზე”.

“საქართველო გამოთქვამს მზაობას, განავითაროს ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობები ვენესუელის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23 იანვარს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი