საქართველომ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.
შესაბამისი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
“ვენესუალაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელის მოქალაქეებს თავიანთ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს ზალკალიანი.
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23 იანვარს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.
პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.
“საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არ ცნობს ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას და უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი”, – ეს განცხადება კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 იანვარს გააკეთა და ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონიალში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მონაწილეობა დაგმო.
ამავე თემაზე:
ვენესუელაში ოპოზიცია პრეზიდენტ მადუროს გადადგომას ითხოვს, მიმდინარეობს აქციები