ახალი ამბები

აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული ტანკერი დააკავა

15 იანვარი, 2026 •
აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული ტანკერი დააკავა

აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელასთან დაკავშირებული ტანკერი დააკავა.

ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს.

Reuters ხაზს უსვამს, რომ ტანკერის დაკავება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ მარია კორინა მაჩადოს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე მოხდა.

როგორც სააგენტო წერს, ეს უკვე მეექვსე გემია ბოლო კვირების განმავლობაში, რომელიც მიზანში ამოიღეს ვენესუელური ნავთობის გადაზიდვის ან წარსულში მსგავს საქმიანობაში მონაწილეობის გამო.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ (Southern Command) დაადასტურა გამთენიისას ჩატარებული ოპერაცია და განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ტანკერი Veronica ექსცესების გარეშე დააკავეს. განცხადების თანახმად, Veronica მოქმედებდა „პრეზიდენტ ტრამპის მიერ კარიბის ზღვაში სანქცირებული გემებისთვის დაწესებული კარანტინის დარღვევით“.

„ვენესუელას მხოლოდ ის ნავთობი დატოვებს, რომლის ტრანსპორტირებაც სათანადოდ და კანონიერად იქნება კოორდინირებული“, — ნათქვამია სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.

„გემების დაკავება ტრამპის იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო. ეს პროცესი 3 იანვარს აშშ-ის ძალების მიერ ქვეყანაში ჩატარებული სპეცოპერაციით დაგვირგვინდა, რომლის დროსაც მადურო და მისი მეუღლე დააკავეს. მას შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელის ნავთობის რესურსების განუსაზღვრელი ვადით გაკონტროლებას გეგმავს, რათა აღადგინოს ქვეყნის დანგრეული ნავთობინდუსტრია.

აქამდე დაკავებული გემები ან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, ან ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილს შეადგენდა— დაურეგულირებელი ხომალდები, რომლებიც მალავენ თავიანთ წარმომავლობას, რათა ნავთობი გადაზიდონ სანქცირებული მსხვილი მწარმოებლებისგან: ირანისგან, რუსეთისგან ან ვენესუელისგან“, – წერს Reuters.

გასულ კვირას, ორკვირიანი დევნის შემდეგ, აშშ-მა ატლანტის ოკეანეში დააკავა რუსული დროშის მქონე ტანკერი, რომელსაც რუსული წყალქვეშა ნავი მეთვალყურეობის გასაწევად ფარულად მიჰყვებოდა. აღნიშნული ნაბიჯი მოსკოვმა დაგმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი