მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სუსტად გამოჩენა ნამდვილად არ ხიბლავს, მას არც აშშ-თან დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავების რისკზე წასვლა სურს. თუმცა მის სიჩუმესაც აქვს ზღვარი და სრულიად შესაძლებელია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმდენად აგრესიული აღმოჩნდეს, რომ ეს ზღვარი გამოსცადოს.
ავტორი: ნინა ხრუშჩოვა, საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, ნიკიტა ხრუშჩოვის შვილთაშვილი
მოსკოვი – რუსი „პატრიოტი“ ბლოგერები და სამხედრო კორესპონდენტები — ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ — აღშფოთებულნი არიან. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის მოკავშირე ვენესუელაზე თავდასხმისთვის სამხედრო ძალები გაგზავნა, რის შედეგადაც პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაატყვევეს, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი კი დააკავეს.
„რუსეთმა ამერიკული ხომალდები უნდა ჩაძიროს ან მტრებს ბირთვული რაკეტებითაც კი დაარტყას“, — გაჰკივიან ისინი. თუმცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუკეთებია.
რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ — ყოველგვარი ირონიის ნატამალის გარეშე — დაგმო ამერიკის „შეიარაღებული აგრესია“ ვენესუელას წინააღმდეგ და მას „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევა“ უწოდა. როგორც წესი, პუტინი იშვიათად რეაგირებს მყისიერად მასშტაბურ მოვლენებზე. იგი ამჯობინებს, დააკვირდეს პროცესების განვითარებას და პასუხი ამის მიხედვით გათვალოს. ეს მიდგომა ზოგჯერ აღიქმება როგორც გამჭრიახობა და თავდაჯერებულობა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, შესაძლოა, სისუსტის განცდაზე — ან, სულ მცირე, ღრმა გაურკვევლობაზე მიუთითებდეს.
ვენესუელაზე თავდასხმამდე პუტინი საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა უკრაინაში რუსეთის პოზიციების სიმყარეში. ტრამპი ლობირებდა „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც აშკარად რუსეთის სასარგებლოდ იყო მიკერძოებული და მნიშვნელოვან ზეწოლას ახორციელებდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა უკრაინულ ძალებს დაეტოვებინათ მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. ამას დაუმატეთ რუსეთის განმეორებითი დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რამაც შუაგულ ზამთარში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინა მალე მზად იქნებოდა მისი საზავო პირობების მისაღებად.
თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ეჭვქვეშ დააყენა პუტინის ეს შეფასებები. აშშ კვლავ აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება პრიორიტეტად რჩება, ხოლო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დაპირება არ ითვალისწინებს ამერიკული ცოცხალი ძალის უშუალო ჩართვას — რასაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკერის დაკავება შეიძლება პუტინის დამცირების მცდელობად აღიქმებოდეს, ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ხომალდი სინამდვილეში ვენესუელური იყო და რუსეთის დროშას მხოლოდ დატყვევების თავიდან ასაცილებლად იყენებდა. ამასთან, აშშ-მა ეკიპაჟის ორი რუსი წევრი გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი აშკარად უკმაყოფილოა რუსეთის უარით, სრულად მიიღოს ნოემბერში წარდგენილი სამშვიდობო გეგმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპმა „მწვანე შუქი აუნთო“ აქამდე შეჩერებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს და 500%-მდე ზრდის ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შეგნებულად ყიდულობენ რუსულ ნავთობსა თუ ურანს.
პუტინს ნამდვილად არ სურს სუსტად გამოჩნდეს, თუმცა არც აშშ-თან დაძაბულობის ესკალაცია აწყობს — სწორედ ამით აიხსნება მისი დუმილი. მაგრამ მის სიჩუმესაც აქვს ზღვარი. საკითხავია, აღმოჩნდება თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია იმდენად „მიმწოლი“, რომ ეს ზღვარი გამოსცადოს. ბევრი დასავლელი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ახლა სწორედ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების დროა — არა მხოლოდ სანქციების გამკაცრებით, არამედ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებითა და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ განადგურებით (ნავთობტანკერების ქსელი, რომელიც სანქციებისგან თავის დასაღწევად მზაკვრულ ტაქტიკას იყენებს). ზელენსკიმ იქამდეც კი მიაღწია, რომ ირიბად მოუწოდა ტრამპს, ვენესუელის სცენარი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ჩეჩნეთშიც გაიმეოროს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მიერ რუსეთში ჯარების გაგზავნა ფანტასტიკის სფეროა, ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის აშკარა წარმატებამ გაამხნევა მისი გარემოცვის „ქორები“. „ჩვენ ზესახელმწიფო ვართ და ვაპირებთ, ვიმოქმედოთ როგორც ზესახელმწიფომ“, — განაცხადა ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა.
ეს აგრესიული მენტალიტეტი ზრდის რისკს, რომ აშშ გადაკვეთს პუტინისთვის მიუღებელ „წითელ ხაზს“ — მაგალითად, რუსული ნავთობმზიდების მასობრივი დაკავებით, რუსეთისთვის კაბალური სამშვიდობო პირობების დაძალებით ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისებით, როგორც ამას ირანში აკეთებს.
პუტინს აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმისთვის მწირი არჩევანი აქვს. თუ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ნავთობტანკერის ხელში ჩაგდებას გადაწყვეტენ, მას ვერც გემზე მყოფი რუსი შეიარაღებული მცველები და ვერც მახლობლად განლაგებული სამხედრო ხომალდები ვერ შეაჩერებენ. რუსეთის ერთადერთი რეალური ბერკეტი ბირთვული არსენალია. თუმცა პუტინის მიერ ტრამპისთვის წაყენებული ბირთვული ულტიმატუმი, შესაძლოა, სერიოზულად არავინ აღიქვას. რუსეთის მუქარას მეტი წონა ექნებოდა, თუ ის ისეთ სამხედრო ძალასთან ერთად გახმიანდებოდა, როგორიც ჩინეთია, თუმცა პეკინს აშშ-ზე ზეწოლისთვის სხვა მრავალი ბერკეტი აქვს — მათ შორის კონტროლი იშვიათი მიწების ელემენტების გლობალურ მიწოდებაზე.
მიუხედავად ამისა, პუტინმა ბირთვული იარაღის „ჟღარუნს“ უკვე მიმართა. თუ მას იმ ზღვრამდე მიიყვანენ, რომ ერთადერთ გამოსავლად ბირთვულ თავდასხმას მიიჩნევს, აშშ-ს საპასუხო რეაქცია დაუყოვნებლივი და ანალოგიური იქნება. სანამ უკრაინის ომი გრძელდება, აპოკალიფსური სცენარის ალბათობა კვლავ მაღალი რჩება.
რაც შეეხება ზელენსკის, მან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. შესაძლოა პუტინს არ სურდეს ტრამპთან პირდაპირი დაპირისპირება, მაგრამ მადუროს დატყვევების შემდეგ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ რუსეთმაც უნდა აჩვენოს ძალა საკუთარი მტრების წინააღმდეგ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია პუტინის ნოვგოროდის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ამ თავდასხმასთან კავშირი უარყო და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა, მოსკოვმა შურისძიების პირობა დადო. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის იერიშები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გაგრძელდება — ისევე, როგორც პუტინის დუმილი ვენესუელის მოვლენებზე.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.
