ახალი ამბები

“ბილაინს” საქართველოდან გასვლა აქვს გადაწყვეტილი – ბექაური

24 იანვარი, 2019 • 3446
“ბილაინს” საქართველოდან გასვლა აქვს გადაწყვეტილი – ბექაური

მობილური ოპეარტორი “ბილაინი” საქართველოს ბაზრიდან გასვლას გეგმავს. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური იუწყება.

ის კომპანიის გადაწყვეტილების წინაპირობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია შესუსტდა. მისივე თქმით, ჩნდება რისკი, რომ ” მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა  თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ”.

“ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია. იცით, რომ “თელია სონერა” გავიდა ბაზრიდან, ამის მერე  “სილქნეტმა” შეისყიდა “ჯეოსელი”, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში, როცა “თელია სონერა” გასვლას აპირებდა, არ აკეთებდა ინვესტიციას და არ ზრუნავდა ქსელის გაძლიერებაზე, რამაც თავისი დაღი დაატყო კომპანიას და დასუსტდა “ჯეოსელი”.

ასევე დღეს შემიძლია ღიად ვთქვა, რომ  “ბილაინს” არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს. შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა.

ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია, რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – ნათქვამია კახა ბექაურის განცხადებაში, რომელსაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ბექაურის განცხადებას მალე უპასუხებენ. “ნეტგაზეთი” “ბილაინის” კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი