ახალი ამბებიკომენტარისამართალი

ბრძოლა უნდა გაგრძელდეს – მშვენიერაძე მოსამართლეების განცხადებაზე

21 იანვარი, 2019 • 2645
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს – მშვენიერაძე მოსამართლეების განცხადებაზე

“საქართველოს დემოკარტიული ინიციატივის” (GDI) თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა შესაძლოა ჩავთვალოთ საზოგადოების მცირე გამარჯვებად, თუმცა ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გაგრძელდეს.

“ვფიქრობ, თავად პროცესი, რომლის მხილველიც ვიყავით მთელი საზოგადოება, იყო ძალიან არაჯანსაღი, რომელშიც მონაწილეობდა ათივე უზენაესი მოსამართლეობის დასახელებული კანდიდატი. ვგულისხმობ იმას, რომ უპატივცემულობაა მთელი საზოგადოების, სახელმწიფოს, სამართლის და სამართლიანობის, როდესაც პატარა ფურცლის ნაჭერზე ჩამოწერილი სიით, ყოველგვარი განხილვის გარეშე და მდუმარე კენჭისყრით, ხდება ნომინირება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების, რომლებიც საქართველოს ისტორიაში პირველად დაინიშნებოდნენ უვადოდ ამ თანამდებობაზე,” – განუცხადა ნეტგაზეთს გიორგი მშვნეიერაძემ.

იურისტის თქმით, ეს პროცესი შეურაცხმყოფელი იყო ქართლი სახელმწიფოსი და მთელი მისი საზოგადოების:

“ის, რომ ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს, თავისივე ნებით თუ საზოგადოების მიერ განხორციელებული იძულებით, აღნიშნული პროცედურის გაგრძელებაზე, ეს შესაძლებელია ჩავთვალოთ საზოგადოების მცირე გამაჯვებად. თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა აწი კიდევ უფრო უნდა გაგრძელდეს; გაგრძელდეს იმისთვის, რომ კლანმა, რომელიც პროცედურების არარსებობით და საკუთარი კლანური წესებით მართავს სასამართლოს და ახდენს ადამიანების ნომინირებას და მათ განწესებას უვადოდ სასამართლო სისტემაში, დატოვონ სასამართლო ხელისუფლება.”

გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, საზოგადოება ახლა უნდა კონცენტრირდეს იმაზე, რომ პარლამენტმა კარგად გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაიწყოს ისეთი პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერა, რომლებიც სამომავლოდ გამორიცხავს, იურისტის შეფასებით, უღირსი ადამიანების მოხვედრას საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

როგორც GDI-ს ხელმძღვანელი ამბობს, პროცესები უნდა იყოს ღია და დეტალური იმისთვის, რომ მოქალაქეებმა გაიცნონ საკუთარი მომავალი მოსამართლეები და სწორედ ჩამოუყალიბდეთ ნდობა ამ პროცესის შესაბამისად. მისი თქმით, არ უნდა დარჩეს კითხვა, რომელზეც მოსამართლეობის კანდიდატებს არ ექნებათ პასუხი.

ქავერის ფოტო: ლიბცენტრი

  • მიხეილ ჩინჩალაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატები კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ისინი ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ, რომელიც დღეს გაავრცელეს.

იხილეთ სრული განცხადება:

ვახუშტი მენაბდე: იუსტიციის საბჭოს 11 წევრი უნდა გადადგეს

მასალების გადაბეჭდვის წესი